„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, 2025 წლის 18 მარტს მიღებული რეკომენდაციით, სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა დაადგინა.
ორგანიზაცია წერს, რომ სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში გაიმეორა საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის გადაწყვეტილება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის სასიცოცხლო დისკუსიის არსებობა. საია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უფლების შეზღუდვა მათ „საზოგადოებრივის მეთვალყურის“ ფუნქციებში ჩარევასაც წარმოადგენს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო წლებია უკანონოდ არ გასცემს საჯარო ინფორმაციებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2023 წლის 14 დეკემბერს იუსტიციის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ, მოთხოვნილი ინფორმაციების გაუცემლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა. პროცესი დღემდე არ ჩანიშნულა. საიამ სარჩელების შეტანის შემდგომაც მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, პასუხი კვლავ არ მიუღია. საჯარო ინფორმაციის მიღებაში დახმარების მიზნით საიამ მიმართა სახალხო დამცველის აპარატს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აპარატსაც დაუდასტურეს, რომ ინფორმაცია „არ იქნა გაცემული“, მაგრამ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რატომ არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას წერილში არ არის განმარტებული“, – წერია განცხადებაში.
საიას შეფასებით, ფაქტია, რომ სისტემა მცირე ანგარიშვალდებულებასაც კი ვერ გრძნობს საზოგადოების წინაშე.
„ინფორმაციის სისტემური დამალვა არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლებრივ დარღვევას — ეს არის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მიზანმიმართული გაუქმება, რაც ხელს უშლის სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასა და მასზე დემოკრატიულ ზედამხედველობას“, — წერს ორგანიზაცია.