„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) საჯარო უწყებებიდან და მათ შორის, თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა გათავისუფლების პროცესი კანონმდებლობას არ შეესაბამება და წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით რეპრესიას საჯარო მოხელეების მიმართ.
საიას შეფასებით, პროცესი ხორციელდება უსამართლოდ, გაუმჭვირვალედ და სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით, რაც არღვევს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს.
საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული, მათ ნაწილს საია უწევს სამართლებრივ დახმარებას.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია, რაც აშკარა დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მაგალითია”.
„გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს, რადგან ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გავრცელებული განცხადებების ხელმომწერები იყვნენ, ან/და ღიად აფიქსირებდნენ უწყებებში მათ მოსაზრებას ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.
შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ უწყებაში თანამშრომელთა წინასწარი ინფორმირებისა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პროცესში გაუქმდა ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელთა ნაწილი ავტომატურად გათავისუფლდა, ხოლო ნაწილი – გადაიყვანეს სხვადასხვა პოზიციებზე. ამ დროისთვის დასაქმებულებისთვის უცნობია რამ გამოიწვია რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამასთან, რა კრიტერიუმებსა და შეფასებებზე დაყრდნობით განისაზღვრა, ვინ უნდა გათავისუფლებული სამსახურიდან. ამგვარად თანამშრომელთა გათავისუფლება, არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის საფუძველია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 24 იანვარს ცვლილება შევიდა „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი.
ცვლილების მიხედვით, შესაბამისი წოდებისთვის დადგენილ ზღვრულ ასაკს მიღწევა წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. რეორგანიზაციის გარდა, სწორედ ამ ცვლილების საფუძველზეც არაერთი პირი გათავისუფლდა უწყებიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ ზღვრული ასაკის დაწესება ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია, მისი რეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, დაუშვებელია. ზღვრული ასაკის განსაზღვრა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ამ საკითხის დარეგულირება და ცვლილებების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული და კონსტიტუციის 25-ე მუხლით დადგენილი გარანტიები ერთი მხრივ, უწყებაში დასაქმებულ პირს აძლევდეს შესაძლებლობას თავისი ფუნქციების ჯეროვანი შესრულებისთვის, მეორე მხრივ, ამ სამუშაოს შესრულებით უზრუნველყოფილი იყოს მისი სოციალური კეთილდღეობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების უკანონო გათავისუფლება და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, საქართველოში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა კი გაავრცელეს პეტიციები, რომლითაც დაგმეს როგორც ევროინტეგრაციის შეწყვეტა, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობა.
ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, „ქართული ოცნება” საჯარო სამსახურებიდან ეტაპობრივად ათავისუფლებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მსგავს განცხადებებს. მათ ნაწილს, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს სხვადასხვა დასაბუთებით.