საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გზის განმეორებით გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მენთეშაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების „არანაირი საფუძველი არ არსებობდა, მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნეიტრალიზება აღკვეთის ღონისძიების სხვა ნაკლებად მკაცრი სახეებითა და დამატებითი ვალდებულებებითაც იქნებოდა შესაძლებელი“.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქმედება, რომლის ჩადენასაც ზურაბ მენთეშაშვილს ედავებიან, გამომდინარეობს მისი კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უფლებიდან.
„აღნიშნული არ წარმოადგენს ვინმესთვის რაიმე სახის საფრთხეს, მას არ გამოუწვევია ზიანი, განმეორების შემთხვევაშიც კი, ის ვერ იქნება იმგვარი შედეგის მომტანი, რომლის პრევენციაც შესაძლოა საჭიროებდეს პირის თავისუფლების უფლებაში უხეშ ჩარევასა და მის საზოგადოებისგან იზოლაციას.
ამასთან, ის გარემოება, რომ პირი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული, ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ის ჩაიდენს დანაშაულს, მით უფრო, როცა პირი წარსულში ნასამართლევიც კი არ არის. ამგვარი მსჯელობა არღვევს სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის გამყოფ ზღვარს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ანიჭებს დანაშაულის შინაარსს, რაც ეწინააღმდეგება პროპორციულობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპებს და ქმნის საფრთხეს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც კი, შესაძლოა, უსაფუძვლოდ იქცეს პირის კრიმინალად წარმოჩენის საბაბად.
მოცემულ შემთხვევაში, დაუსაბუთებლად პატიმრობის გამოყენება აჩენს განცდას, რომ სასამართლო მენთეშაშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობით იქცა პროკურატურის იმ მიზნის თანამონაწილედ, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს პატიმრობით ანალოგიური ქმედების ჩამდენ სხვა პირთა დაშინებას“, – აღნიშნავს საია.
ამასთან, საია აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
საიას შეფასებით, სისხლის სამართლის სანქციების გამოყენება ამ შემთხვევაში, ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაზე მათი პოტენციური მსუსხავი ეფექტის გამო, განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები არ უნდა ექვემდებარებოდეს სისხლის სამართლის სანქციების საფრთხეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სანქციები თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
შესაბამისად, ისეთი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც დემონსტრაციის დროს არაძალადობრივი ქცევისთვის იწვევს თავისუფლების აღკვეთას, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას განხილული, რათა დაცული იყოს ასეთი ზომების გამოყენებით უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპი: ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა.
სამართლებრივი საფუძველი, რომლის საფუძველზეც მენთეშაშვილს წარედგინა ბრალი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მისი მიზანია ხელყოს შეკრების ან მანიფესტაციის უფლება, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულია. ის ფაქტი, რომ აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს მკაცრი სასჯელით პირთა დაშინება. კანონმდებელს ფორმალურადაც კი არ შეუქმნია მოსამართლისთვის ნაკლებად მზღუდავ ალტერნატივებს შორის არჩევანი.
ალტერნატიული სასჯელის არქონა არღვევს სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპებს, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია. ასეთ პირობებში, სასამართლო ფაქტობრივად იქცევა „მექანიკურ აღმასრულებელ რგოლად“, – წერია განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ პროკურატურა არ არის ორგანო, რომელიც კონტექსტისგან განყენებულად, კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უგულებელყოფით, მხოლოდ რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე უნდა წარმართავდეს ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკას.
3 ნოემბერს გზის განმეორებით გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლალი გარშაულიშვილმა მიიღო.
ზურაბ მენთეშაშვილი 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
„25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ოქტომბერში „ოცნების“ პარლამენტმა პროტესტის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. ცვლილების მიხედვით, აქციაზე სახის დაფარვა, გზის გადაკეტვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, ცრემლმდენი საშუალებების ფლობა, ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს.
60 დღემდე პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები იქონიებენ ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას; ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება აქციის მონაწილეთა ან სხვა პირთა ჯანმრთელობის დასაზიანებლად; იმგვარ აქციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყდა;
ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება. ასევე სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიციის მოთხოვნის მესამედ დაუმორჩილებლობა.