საია შსს-ს: ადვოკატებს მიაწოდეთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან დაკავებულები

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულის ადგილსამყოფელი ადვოკატებმა ამ დრომდე არ იციან. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, დაკავებულები აცხადებენ, რომ დაკავების დროს პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა.

„გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. დაკავებულები იმყოფებიან თბილისის სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ადვოკატებთან აღნიშნავენ, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა დაკავებულებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოვუწოდებთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა;
  • დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე – 14 პირია დაკავებული.

შსს-ს განცხადებითვე, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად”, დაშავდა ერთი პოლიციელი.