საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia დაარეგისტრირა.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ”. – აცხადებს საია.
რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ.
2024 წლის 3 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ რუსული კანონს განსახილველად აბრუნებს. 2-თვიანი განხილვების, ხოლო ათასობით ადამიანის მასობრივი პროტესტის პარალელურად 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკოსებმა და მედიამ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს, ხოლო განხილვის დასრულებამდე მოითხოვეს მისი მოქმედების შეჩერება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, ხოლო სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო.
16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 22 ოქტომბერს შევიდა.
საქართველოს ხელისუფლებისგან რუსული კანონის გაუქმებას მოითხოვენ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები. იმავეს მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები.