საია: თავს ესხმიან ჟურნალისტებს, დაბრკოლებას უქმნიან დამკვირვებლებს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების 16:00-ის მონაცემების შეჯამების დროს განაცხადა, რომ წინა არჩევნების მსგავსად, გრძელდება ჟურნალისტებზე ზეწოლა და საქმიანობაში ხელშეშლა.

მათი ცნობით, რამდენიმე შემთხვევაში მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცეს შესაძლებლობა, თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.

საიას ცნობითვე, გრძელდება პირველი ტურის ტენდენცია, რომელიც გარკვეულ უბნებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნაში გამოიხატება როგორც კომისიის წევრების, ისე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან:

„რუსთავის მე-20 უბანზე რეგისტრატორი იწერდა გამოცხადებული ამომრჩევლის რიგით ნომრებს, რაზეც, არაერთი ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა ჩანაწერთა წიგნში დარღვევა დააფიქსირა, კომისიის წევრებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;

·       სენაკის 41-ე უბანზე დამკვირვებელს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარე დამდივანი ხელს უშლიდნენ მოვალეობის შესრულებაში და არ აძლევდნენ უფლებას, რომ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს გასცნობოდა;

·       სენაკის მე-13, მე-14 და 72-ე უბნებზე საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ თავისუფლად გადაადგილებისა და დაკვირვების საშუალებას.

გარდა ამისა, დარღვევები გამოვლინდა სხვადასხვა მიმართულებით:

·       რუსთავის 50-ე უბანზე რეგისტრატორი ინიშნავდა გამოცხადებული ამომრჩევლის რიგით ნომერს სამაგიდო სიაში;

·       მარტვილის 35-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე კაბინაში შეჰყვა მოქალაქეს და, მისი თქმით, დახმარების მიზნით დაესწრო ხმის მიცემის პროცესს;

·       ნაძალადევის 74-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოუყენებელი ბიულეტენები აკლდა, კერძოდ, 40 ბიულეტენიდან 35 იყო გამოყენებული, დარჩენილი 5-დან 3 დაიკარგა.

ზოგიერთ შემთხვევაში საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს დარღვევები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობით შენიშვნის შემდეგ გამოსწორდა, მაგალითად: მარკირების წესების დაუცველობა, ამომრჩეველთა ნების კონტროლი, გადასატანი საარჩევნო ყუთის დაულუქავ მდგომარეობაში დაბრუნება, საჯაროდ გამოსაქვეყნებელი საარჩევნო დოკუმენტაციის (ბიულეტენის შევსების და ბათილობის წესები, სადემონსტრაციო ოქმის მონაცემები და გადასატანი ყუთის სია) არასათანადოდ განთავსება, ფოტო/ვიდეოგადაღება იმგვარად, რომ შესაძლებელია ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია, არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბნის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.