საია: თემურ ქათამაძე მე-18 დღეა, შიმშილობს. არ ვიცით, უვლიან თუ არა მას სათანადოდ

პუბლიკა

თემურ ქათამაძე მე-18 დღეა, შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.

მის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

საიას განცხადებით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება მოშიმშილე დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით.

„მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია.

ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით“, – აცხადებს ორგანიზაცია.

თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს.

ორგანიზაცია შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტისა და დროებითი განთავსების ცენტრიდან ასევე ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაეცეს თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტაცია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს დღეს, 3 თებერვალს, 14:00 საათზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო 7 თებერვალს, 15:00 საათზე განიხილავს. გასაჩივრებულია ქათამაძის დაკავება და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება.

თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ხოლო როცა იზოლატორი დატოვა – 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.

შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად.

თემურ ქათამაძე კი ამბობს, რომ დაკავება უკავშირდება „ალბათ საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილებას”. ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

„ბათუმელებმა“ თემურ ქათამაძისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე, დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.