საია უზენაესის თავმჯდომარეს მოუწოდებს, 29 მაისის პლენუმის სხდომა მხოლოდ საკონსტიტუციოს მოსამართლეობის კანდიდატის წარსადგენად გამოიყენოს

პუბლიკა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 29 მაისს იგეგმება უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი კი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნაა. მან უნდა შეავსოს ვაკანსია, რომელიც 15 ივნისს ჩნდება, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა  ეწურება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ უახლოეს წარსულში  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პლენუმმა თანამდებობაზე სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურებით დანიშნა.

„წინასწარ თავად პლენუმის წევრებმაც კი არ იცოდნენ კანდიდატის ვინაობის შესახებ. ამ ნაბიჯმა დასანანი ზიანი მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ სანდოობას. სწორედ ამ უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, საია მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თამჯდომარესა და პლენუმს, რომ 29 მაისს არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და ეს სხდომა მხოლოდ კანდიდატის წარსადგენად გამოიყენოს.

ეს ნაბიჯი აამაღლებს სასამართლოს გამჭვირვალობის სტანდარტს, საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია კანდიდატურის შესახებ, პლენუმს კი დაეხმარება მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება“, – აცხადებენ საიაში.