საიამ მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა.

საიას ცნობით, საჩივარი შეეხება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასა და მის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს.

სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ მზია ამაღლობელი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა და მოგვიანებით, მის მიმართ ერთსა და იმავე ფაქტზე 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. ორივე საქმეზე სასამართლომ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძვლით (173-ე მუხლი) – 2000 ლარის, ხოლო სტიკერის კედელზე გაკვრით იერსახის დამახინჯების საფუძვლით 150-ე მუხლი) – 1000 ლარის ოდენობით.

საიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ახალი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება კონვენციის მე-5 მუხლთან ერთობლიობაში.

  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მუხლი 13)

2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის გარე ფასადზე სტიკერის, წარწერით – „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავა იმ დროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ბესელიამ. დაკავებისას, იმ დროს ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ განმარტა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს 150-ე მუხლის საფუძველზე, შენობის იერსახის დამახინჯებისათვის.

საია აცხადებს, რომ „ამ მუხლის საფუძველზე კანონი პოლიციას პირის დაკავების უფლებამოსილებას არ აძლევს“.

„შესაბამისად, უკანონო დაკავების გასამართლებლად, მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციამ შეადგინა გაყალბებული ოქმი 173-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც შეიცავდა სრულად მცდარ ინფორმაციას, მათ შორის დამკავებელი პირის შესახებ. სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის დაკავება იყო რუტინული და თვითნებური, რა დროსაც არ შეფასდა საქმის ინდივიდუალური გარემოებები“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, მზია ამაღლობელმა უკანონო დაკავება შსს-ში გაასაჩივრა, თუმცა საჩივრის განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა.

„ეს გარემოებები, რომელიც მათ შორის, კანონმდებლობაში არსებული სისტემური ხარვეზის ნაწილია, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ეფექტიან სასამართლო კონტროლს დაკავების კანონიერების შესწავლისას, რითაც დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი“, – ამბობს საია.

  • საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი)

საიას ინფორმაციით, ორგანიზაცია საჩივარში დავობს 173-ე მუხლის საქმეზე დაირღვა კონვენციის 6(1) და 6(2) მუხლით გარანტირებული უფლებები, „რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო უსაფუძვლო, ხოლო დადგენილი ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებები იყო მცდარი და არაჯეროვანი“.

„რეალურად საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა, რომელიც დაადასტურებდა მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფისა, თუ ამ უკანასკნელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მისამართით მოწოდების ფაქტებს. შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა და მხოლოდ პოლიციელთა მიერ წარდგენილ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია მზია ამაღლობელი სამართალდარღვევად, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს“, – აცხადებს საია.

  • გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11)

2025 წლის 30 აპრილს მზია ამაღლობელის მიმართ კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შედგა 150-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც მზია ამაღლობელს სტიკერის მიკვირს გამო შსს ედავებოდა შენობის იერსახის დამახინჯებას.

„ნიშანდობლივია, რომ 150-ე მუხლზე სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია პოლიციელის, ნოდარ ზენაიშვილის მიერ, რომელმაც 2025 წლის 11 იანვარს თავად შეადგინა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი და სტიკერის მიკვრის ფაქტი თავადვე მიუთითა დაკავების მოტივად.

საჩივარში მითითებულია, რომ მაშინ, როცა მზია ამაღლობელს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია პოლიციელებისთვის, ხოლო სტიკერის გაკვრას არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არ არსებობდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებში ჩარევის გამამართლებელი საფუძველი, ხოლო წარმოებული ადმინისტრაციული საქმეები იყო თვითნებური და წარმოადგენდა მზია ამაღლობელის მიზანმიმართულ დასჯას“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ერთი საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო.

საიამ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან და მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილს მიმართა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).

საიას თანახმად, საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს უსაფუძვლოდ, ხოლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად, შესაბამისი საფუძვლების გარეშე და ეროვნულმა სასამართლოებმა წინასწარი პატიმრობის კანონიერება არ შეაფასეს.

სასამართლომ ჟურნალისტის საქმეზე გამოაქვეყნა კითხვებიც, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ უნდა უპასუხოს.


მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობის მუხლით.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრობის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 23 ივნისს მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ სცდება. მარჯვენა თვალში მხედველობამ 30%-დან 10%-მდე დაიკლო.

არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.

მზიამ მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, სახაროვის პრემია.