საიდან აქვთ რიონის ხეობის მცველებს ფინანსები - ვარლამ გოლეთიანის განმარტება

პუბლიკა

რიონის ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გამართული აქციის პარალელურად, სხვადასხვა მედიასაშუალებაში თუ სოციალურ ქსელში ხშირად ისმებოდა შეკითხვა – საიდან აქვთ აქციის ორგანიზატორებს დაფინანსება? როგორ ახერხებენ სასცენო აპარატურის შეძენას? და ა.შ.

„პუბლიკამ“ ამ საკითხთან დაკავშირებით ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოძრაობის აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი ჩაწერა. გთავაზობთ მის განმარტებას:

„ჩვენ 3 წელია, ვიბრძვით ამ პრობლემის წინააღმდეგ. საზოგადოებამ 209 დღის წინ გაიგო, რაც დაიწყო კარვების პროტესტი. მანამდე ყველანაირ ხარჯს ჩვენი რესურსებით, ჩვენი პირადი სახსრებით ვფარავდით, რაც შეგვეძლო და რომ არა საზოგადოების დიდი თანადგომა, ასეც გავაგრძელებდით.

ხედავთ, რომ ამხელა მხარდაჭერა აქვს ამ პროტესტს, ამდენი ადამიანი მოდის და გაცილებით მეტი ადამიანია ჩართული ემიგრაციიდან. თითქოს გეოგრაფიული მანძილი წაიშალა მათთან, იმდენად ბუნებითად დავკავშირდით პროტესტის ირგვლივ.

პროცესი თვითორგანიზდება. ყველა ცდილობს, რაღაც წვლილი შეიტანოს. ჩვენ გვაქვს „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, ეს არის რეგისტრირებული ააიპ, რომელსაც აქვს ანგარიშის ნომერი, რომელსაც სხვადასხვა დროს ვდებდით ჩვენს გვერდზე, როდესაც გვჭირდებოდა ამა თუ იმ საქმეში დახმარება.

არავისთვის ამ პროცესში ჩართულობა არ დაგვიძალებია, არათუ ფულის ჩარიცხვის მხრივ, არამედ „აქციაზე მოდით“ არ გვითქვამს.

ფიზიკური მონაწილეობა იქნება თუ მატერიალურ დახმარება, უამრავი ადამიანი გამოთქვამს ამის სურვილს. ანგარიშზე აკუმულირდება გარკვეული თანხები, რომლითაც ვახერხებთ, რომ თუნდაც ეს სცენა დავდგათ ან ის ელემენტარული პირობები შევიქმნათ, რაც შეგვაძლებინებს, რომ გავმართოთ ეს ხანგრძლივი, გრძელვადიანი ბრძოლა.

რაც კარვებში ვართ, საკვები პროდუქტიც კი იმ რაოდენობით მოაქვთ ჩვენთან, რომ ხშირად უკან ვატანდით ხოლმე, იმდენად ბევრ ადამიანს უნდა თავისი წვლილის შეტანა.

ეს არის სრულიად გამჭვირვალე მათთვის, ვინც ჩართულია პროტესტში და ინტრიგანმა თვალმა შესაძლოა, ყველგან მოძებნოს სხვა რამ.

როგორ ვახერხებთ უწყვეტი პროტესტის ფონზე ოჯახების რჩენას? ხალხის ძირითადი შემადგენლობა, რომლებიც  არიან ავტორები ამ პროტესტის, თავიდან უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი უშუალოდ, ვიდრე დღეს, რადგან დღეს მხარდამჭერების რაოდენობა გამრავლდა და იმ ხალხს უფრო შეუმსუბუქდა ტვირთი.

ჩვენთვის ეს იმდენად ხელშესახები პრობლემა იყო, ისე ვცხოვრობდით ამ პერიოდში, რომ არ გვეძინა ამაზე ჯავრით. რთულია ასახსნელად, ჩვენთვის ეს ისეთი საკითხი კი არ არის, რომ გავაპროტესტოთ, არ გავაპროტესტოთ… ეს იმაზე მეტია, ვიდე შეიძლება აღიქმებოდეს.

ჩვენ იმდენად ვნერვიულობდით, იმდენად დიდ განცდებში ვიყავით, მანამდე, სანამ ამას საერთოდ საზოგადოება გაიგებდა, რომ ყველაფერი ჩავდეთ და დღესაც ვდებთ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ.

ბევრი კითხვა ისმის, მათ შორის ამა თუ იმ ბიზნესმენის სახელი და გვარი ჟღერდება, რომ თითქოს ისინი გვაფინანსებენ. იყო ერთი პიროვნება, რომელიც იქვე გვერდით სოფელში ცხოვრობს, სახელს და გვარს არ ვიტყვი უბრალოდ, ნამდვილად იყო ჩვენთან მოსული შემოთავაზებებით. არაერთი ყოფილა ამ პროცესში, რომ შემოუთავაზებიათ თუნდაც ფულადი დახმარება, მაგრამ ჩვენ ყველას შეგნებულად უარის ვეუბნებით, და ვამბობთ, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამთავრებული ჩვენ სასარგებლოდ, თუ მასში მონაწილეობას ადამიანები მართლა  საჭიროდ ჩათვლიან და არა ის, რომ ვიღაცამ დაგვაფინანსოს, ფული ავიღოთ ამ პროცესში და ასე წავიდეთ წინ.

აქვე დამატებით გეტყვით, რომ ვიდრე საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი, ამ პროტესტის შესახებ, ჩვენ, მე და სხვა აქტორებს გაცილებით დიდ თანხებს გვთავზობდნენ გაჩერების სანაცვლოდ. და ამას არც ვმალავთ. ვინ იყვნენ, მაგის იდენტიფიცირება ჩვენთვის ძნელია. მოდიოდნენ გარკვეული სახეები, გვთავაზობდნენ დიდ თანხებს იმის სანაცვლოდ, რომ პროტესტი აღარ ყოფილიყო, იყო დაშინების მცდელობებიც: „რა გინდათ, ახალგაზრდა ხალხი ხართ“, „აგერ არის თანხა, აიღეთ“, „ცხოვრება წინ გაქვთ“ და ა.შ.

ამ საკითხში  იმიტომ ვგრძნობთ თავისუფლად თავს, რომ თუ ფულზე მიდგება საქმე და ამ ნაწილში გაჩნდება კითხვები, ამ ხალხს მართლა შეეძლო დიდად უზრუნველეყო თავი იმ ფულით, რაც მართლა იყო შემოთავაზებული.

თავიდან ცოტა ქვედა ეტაპიდან დაიწყო – პროტესტის ორგანიზატორებს გვთავაზობდნენ ხელფასს და სამსახურს, იგივე კომპანია „ენკაში“ დასაქმებას, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.

ეს იყო ორი წლის წინ. რაც უფრო იზრდებოდა ჩვენი პროტესტი,  შემოთავაზების სერიოზულობა იწევდა ზევით, ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს ლაივებში. არ ვიცი, შეიძლება ახლა უფრო რეზონანსული იყოს, რადგან მეტი ყურადღება მივიქციეთ.

ჩვენ არც იმაში ვხედავთ პრობლემას, რომ გავასაჯაროვოთ ჩარიცხვების და ფინანსური ხარჯების დეტალები, მაგრამ დარწუნებული ვარ, საზოგადოებას ამ კუთხით ჩვენში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ თუ ამ მხრივ ინტერესი იქნება, ჩვენთვის არც ეგაა პრობლემა“, – გვითხრა ვარლამ გოლეთიანმა.


ნამახვანჰესის წინააღმდეგ დღეს თბილისში, „რესპუბლიკის მოედანზე“ აქცია გაიმართა.

აპრილში რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის პროცესი ვერ შედგა. მათი თქმით, დიალოგი იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუ ამ პროცესში გადაწყდებოდა ჰესის აშენება/არაშენების საკითხი. მათივე თქმით, მთავრობის პასუხში ამგვარი დაშვება გათვალისწინებული არ ყოფილა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.,