ჭიათურელ მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წევრები იმ მაღაროელებს, რომლებიც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” მიერ გამოცხადებული მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და კომპანიის რეორგანიზაციის პროცესში მონაწილეობას აპირებენ, მოუწოდებენ, არ მოაწერონ ხელი გათავისუფლების წერილს.
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, დღეს, 24 აპრილს კომპანიამ 300-მდე ადამიანი დაიბარა და კიდევ 200 დასაქმებულის დაბარებას გეგმავს, რათა რეორგანიზაცია დაიწყოს.
მაღაროელთა განცხადებით, კომპანია მასობრივი დათხოვნის პროცესს უკანონოდ ატარებს და ამის გადასაფარად დასაქმებულებს თხოვენ, თვითონ მოითხოვონ გათავისუფლება.
„მაღაროელებო, არ მოაწეროთ ხელი გათავისუფლების წერილს. ამას გთხოვენ იმიტომ, რომ მასობრივი დათხოვნის პროცესს ატარებენ უკანონოდ და ამის გადასაფარად თქვენ გთხოვენ თავად მოითხოვოთ გათავისუფლება.
თუ თავად დაწერთ გათავისუფლების წერილს, დაკარგავთ ყველანაირ უფლებას არა მხოლოდ იდავოთ ან მომავალში მოითხოვოთ სამსახურში აღდგენა, არამედ დაკარგავთ იმის შესაძლებლობასაც, რომ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში, რომელსაც გვიანონსებენ რეორგანიზაციის ფარგლებში.
არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ გათავისუფლების წერილი. კითხეთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ცოტა მაინც ერკვევა შრომის საკითხებში და ამას დაგიდასტურებთ. ამას ვწერთ იურისტებთან კონსულტაციით და სრულად დარწმუნებული”, – ნათქვამია მაღაროელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო.
„მაღაროების სრულფასოვანი განახლების, ფინანსური მდგრადობის აღდგენის და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის კომპანია გეგმავს:
- სრულად უარი თქვას არა-პროფილურ მიმართულებებზე და ამ მხრივ ხარჯები 100%-ით შეამციროს;
- მოახდინოს ყველა საწარმოო პროცესის ტექნოლოგიურ და ნორმატიულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის: სამუშაო აღწერილობის; შრომითი პირობების; სამუშაო საათების; საკვალიფიკაციო მოთხოვნების.
- საშტატო სტრუქტურისა და პოზიციების დაკომპლექტება მხოლოდ ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო, სათანადო პროფესიის მქონე კადრებითა და აუცილებელი ტექნიკური პერსონალით;
- ადმინისტრაციასა და მმართველ რგოლში შემცირებას, როგორც რაოდენობრივ ასევე ანაზღაურების ნაწილში;
დასახული ცვლილებები შინაარსობრივად ეხება აბსოლუტურად ყველა დასაქმებულს და მიზნად ისახავს პირველ რიგში წარმოების გადარჩენას, სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას. ამ გზით ჭიათურაში სამთო მოპოვებითი წარმოება რეაბილიტირდება და განვითარებაზე ორიენტირებული გახდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის მტკიცებით, თანამშრომელთა შერჩევა წარიმართება შიდა კონკურსის სახით და მოიცავს სამ ეტაპს:
- თანამშრომელთა განაცხადების მიღებას განახლებულ საშტატო პოზიციებზე;
- თანამშრომელთა ინდივიდუალურ კომისიურ გასაუბრებას;
- გასაუბრების შედეგების შეჯერებიდან გამომდინარე კონკრეტული თანამშრომლების შერჩევას.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღაროები ეტაპობრივად მაისის ბოლომდე გაიხსნება. ასევე, მათივე განცხადებით, „2026 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიამ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი, აღარ იფუნქციონიროს ზარალზე და დაიწყოს სტაბილური ოპერირება”.
იქამდე, 22 აპრილს კომპანიამ განაცხადა, რომ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა და წარმოების განახლების პროცესს „მაღალკვალიფიციური მენეჯერი“ მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.
„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.
მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა. 28 თებერვლიდან ჭიათურაში ისინი უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მაღაროელების თქმით, კომპანიის ეს გადაწყვეტილება უმუშევრად 2000-დან 2 500 დასაქმებულს ტოვებს.
მას შემდეგ, რაც მაღაროელებმა ჭიათურაში პროტესტი დაიწყეს, ისინი თბილისშიც ჩამოვიდნენ და რამდენიმე აქცია გამართეს, მათ შორის კანცელარიის შენობასთან და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობა.
ერთ-ერთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გაიმართა, სადაც მათ მოითხოვეს 3 თვის ხელფასის ანაზღაურება და ჭიათურის საკითხზე „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში მათი წარმომადგენლის ჩართვა.
მაღაროელები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ კომპანიასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში შესვლა მათთვის მიუღებელია.