„საირმეში“ გაფიცული ადამიანები გვიყურებენ და გთხოვთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - დიასამიძე

პუბლიკა

პროფკავშირ „ლაბორის“ თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს კომპანია „საირმის“ გაფიცული თანამშრომლების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„გაფიცვა დღესაც მიმდინარეობს. 24-საათიან რეჟიმში დღე, ღამე და იქაც დამსაქმებელი გახლავთ რუსი და რუსი იანიდა მაშკოვა და რუსული მეთოდებით ცდილობს ამ ადამიანების ტანჯვას, წამებას და მინდა გითხრათ და დარწმუნებული იყავით, რომ იქ გაფიცული ადამიანები ჩვენ გვიყურებენ და მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან დიდი ტაშით გავამხნეოთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ.

მეგობრებო, ეს ადამიანები არ ითხოვენ არაფერს განსაკუთრებულს – ითხოვენ ღირსეული შრომის უფლებას, უსაფრთხო შრომის უფლებას. ამ ადამიანებს დენი არტყამთ და სახიჩრდებიან სამუშაო ადგილებზე. ეს ადამიანები ითხოვენ ხელფასის მცირედით ზრდას.

იმ 76 უსახო პარლამენტართაგან, რომელთაც მხარი დაუჭირეს ამ უსახურ კანონს, ერთ-ერთი მივიდა „საირმის“ გაფიცულებთან და მხარს კი არ უჭერს, ტუქსავს და ეუბნება, რომ უნდა შევიდნენ  და იმუშაონ, თუ არა და დარჩებიან სამსახურის გარეშე.

მე ყოველთვის მეშინოდა ამ ტრიბუნიდან ხალხისთვის მიმართვა, იმიტომ რომ თავს ვარიდებდი, ვიღაცამ არ დამაბაროს პოლიტიკოსობა ან პოლიტიკური ინტერესების გატარება. შიშის დრო აღარაა, როცა საქმე ეხება ქვეყანას, მის მომავალს, ამიტომ ეს კანონი არ უნდა გავიდეს და გახსოვდეთ, „საირმეში“ გაფიცულებს სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა, მეორე ფრონტი „საირმეშია“, იქაც დამსაქმებელი არის რუსი და აწამებს ჩვენი ქვეყნის მშრომელებს და მოქალაქეებს“, – განაცხადა მან.


პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო.