საჯარო რეესტრი „რაგბის კავშირის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საჯარო რეესტრის ერონული სააგენტო „საქართველოს რაგბის კავშირში“ მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს. დღეს „რაგბის კავშირის“ ახალი პრეზიდენტის რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრში ზეპირი მოსმენა გაიმართა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით 2021 წლის 6 იანვარს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო მისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.

„როგორც საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, „საქართველოს რაგბის კავშირმა“ პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კრება და, შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნები ვერ შედგა.

ასეთ დროს წესდება უშვებს პირველ კრებაზე წარმოდგენილი საკითხების განმეორებით კრებაზე განხილვის შესაძლებლობას, რომელიც პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარდეს.

მიუხედავად ამ მოთხოვნისა, ირკვევა, რომ განმეორებითი კრება არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა. სწორედ ეს გახდა ირაკლი აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირს 30 დეკემბერს კვორუმის არარსებობის გამო თებერვალში ჩაშლილი კრების განმეორებითი კრების ნაცვლად, წესდებით გათვალისწინებული მორიგი კრება რომ ჩაეტარებინა, მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგებოდა“, – ნათქვამია რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან,  პრეზიდენტის არჩევასთან ერთად, განცხადებით მოთხოვნილი იყო გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. მათი თქმით, ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ დარღვეული იყო განმეორებითი კრების მოწვევის ვადები, არსებობს წარმოების შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი.

„კერძოდ, წესდების მიხედვით, არ შეიძლება განმეორებით კრებაზე განიხილონ ისეთი საკითხი, რაც პირველი კრების დღის წესრიგში არ ყოფილა. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, გამგეობის წევრების არჩევა 24 თებერვალს ჩატარებული კრების დღის წესრიგში არ შედიოდა. შესაბამისად, დეკემბრის კრება ვადაში და წესდების დაცვითაც რომ ჩატარებულიყო, ის არ იყო უფლებამოსილი, განეხილა გამგეობის წევრების არჩევის საკითხი“, – აღნიშნულია რეესტრის მიერ გავრცელებულ განხცადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც ის არ დაეთანხმა მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას.

„თუმცა, ირაკლი აბუსერიძეს სარეგისტრაციო სამსახურში ამ დრომდე არ წარმოუდგენია არცერთი საბუთი იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც არის სარეგისტრაციო დოკუმენტებში და რომლებიც უწყებამ არაერთხელ მკაფიოდ და გასაგებად განმარტა“, – წერია განცხადებაში.

საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ  დოკუმენტების წარსადგენად დაინტერესებულ მხარეს ვადა ხვალ დღის ბოლომდე აქვს, ხოლო სარეგისტრაციო სამსახური საბოლოო გადაწყვეტილებას ირაკლი აბუსერიძის „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად რეგისტრაციის თაობაზე 8 თებერვალს მიიღებს.


დღეს  იუსტიციის სამინისტროსთან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერს აირჩიეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად თვლიდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა, რათა არჩევნები არ დაკანონებულიყო. რის შემდეგაც, 7 იანვარს ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია  შეუჩერდა.

რამდენიმე დღის წინ რაგბის კავშირის წევრებმა, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა პრესკონფერენცია გამართეს და მოუწოდეს იუსტიციის მინისტრს პირადად დაინტერესებულიყო „საქართველოს რაგბის კავშირში“ მიმდინარე პროცესებით.

„მოგეხსენებათ, რომ 1 თვის წინ, 30 დეკემბერს ჩვენი გუნდის, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე ვიგრძენით წნეხი იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ცხადია, რომ აბუს [ირაკლი აბუსერიძის] გუნდი და ნეპოტიზმი, კორუფცია, ფულის შოვნა არათავსებადია.  ქვეყნის სამარცხვინოდ, ამ ადამიანებმა, რომელთა შორის არიან ყოფილი მორაგბეებიც პირადი კონტაქტების ხარჯზე ამ სიბინძურეში სახელმწიფოს რიგი სტრუქტურებიც გარიეს“, – აცხადებდნენ ისინი.