ვითარება რაგბის კავშირში | ხურციძე ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, აბუსერიძე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობის დამტკიცებას გეგმავს

პუბლიკა

რაგბის კავშირის ახალარჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს. მისი განცხადებით, პრეზიდენტად მისი რეგისტრაციის შეჩერება ტექნიკური ხარვეზია.

„ყველა ის წერილი იქნება დართული, როგორც ყველა კანდიდატის, როცა ჩვენ მოვითხოვეთ გადადება, ასევე იყო მერე კარანტინი, მერე იყო შეზღუდვები და მთავრობის სარეკომენდაციო წერილი. ამის საფუძველზე იქნა მოთხოვნა მთავრობიდან, სარეკომენდაციო სახის იყო რა თქმა უნდა, რომ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ჩატარებულიყო არჩევნები. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და სამივე კანდიდატი ვიყავით ამაზე თანახმა.

ცოტა უხერხულად მიმაჩნია, რომ 7 დეკემბერს ერთ-ერთი კანდიდატი ულტიმატუმის ენით სთხოვს სპორტის სამინისტროს და გამგეობას განმეორებითი ყრილობის თარიღის დანიშვნას და რამდენიმე დღეში საერთოდ რადიკალურ განცხადებას ავრცელებს. გაუგებარია ისიც, რომ 42 დელეგატიდან 36-მა მოაწერა ხელი მოთხოვნით, რომ დანიშნულიყო განმეორებითი ყრილობა. მაინტერესებს თავის გადაწყვეტილებას და ხელმოწერას ეწინააღმდეგებიან? როცა აპელირებენ, ლეგიტიმური იყო 7 დეკემბერს ყრილობა და 2 კვირის შემდეგ უკვე არალეგიტიმური? ჩემთვის ეს გაუგებარია“, – განაცხადა აბუსერიძემ.

კითხვაზე, რატომ აირჩიეს გამგეობის ახალი წევრები მაშინ, როცა ეს პირველ კრებაზე დღის წესრიგში არ იყო წარმოდგენილი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებს: „დღის წესრიგში შეიძლება რაღაც საკითხი არ იყოს, მაგრამ შეიძლება, რომელიმე სუბიექტმა დააყენოს რაიმე სახის საკითხი და ეს კენჭისყრაზე დგება“.

ირაკლი აბუსერიძის განცხადებების საპასუხოდ დღეს მედიასთან ისაუბრა ბაჩო ხურციძემ.

„30 დეკემბერს ჩატარდა უაკონონო არჩევნები, რაც დადასტურდა რეესტრის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი კანდიდატის არჩევის შემთხვევაში იგივე იქნებოდა. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება არის მორიგი საარჩევნო ყრილობის დანიშვნა. ჩვენ მოვუწოდებთ რაგბის კავშირის ლეგიტიმურ გამგეობას, დაინიშნოს უახლოეს დღეებში საარჩევნო ყრილობა“, – განაცხადა ხურციძემ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტად აბუსერიძე რიგგარეშე ყრილობაზე 30 დეკემბერს აირჩიეს. მოგვიანებით, არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის, ბაჩო ხურციძის მიმართვის საფუძველზე მას საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერდა.

როგორც საჯარო რეესტრმა განმარტა, აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი ის გახდა, რომ კრება, რომელზეც პრეზიდენტი აირჩიეს, რაგბის კავშირის წესდების დარღვევით, პირველი კრებიდან(24.02.20) არა 30 დღის, არამედ 10 თვის(30.12.20) შემდეგ ჩატარდა. რეესტრის ცნობით, წესდება დაირღვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციის მოთხოვნის დროსაც, რადგან ეს საკითხი პირველი კრების დღის წესრიგში არ ყოფილა.