საჯარო სამსახურში ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის მოთხოვნას საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

პუბლიკა

მოქალაქე მარინე კაპანაძე საკონსტიტუციოში სასამართლოს მიმართავს და ასაჩივრებს ნორმას, რომლის მიხედვითაც პირი საჯარო სამსახურში მოხელედ არ მიიღება თუ სამსახურში მიღებისას არ წარადგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან თუ  ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ შეიძლება რაიმე მინიშნებას იძლეოდეს პირის პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ ან მისი მოხმარება, თუ პირი აკმაყოფილებს საჯარო მოხელისთვის კანონმდებლობით დადგენილ დანარჩენ კრიტერიუმებს, არ შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მის მიერ მიუკერძოებელი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმა თანაბრად მიემართება ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას და არ იძლევა ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას აქვს განსხვავებული ეფექტი ადამიანის ფსიქიკაზე, გონივრულ შესაძლებლობებზე და მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. იმავდროულად, სადავო ნორმით დადგენილი ვალდებულება ერთნაირად ეხება ყველა რანგის საჯარო მოხელეს, განურჩევლად მის მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესისა.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.