ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებები გამოაცხადა

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულდა ბრიფინგი, სადაც ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებები გამოაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის სტრუქტურას ემატება სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობა და მინისტრის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერი იქნება.

კანონპროექტი ხვალამდე პარლამენტს წარედგინება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ ბატონ მამუკა მდინარაძეს მოუწია ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა ხვალამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მიიღოს მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით.

მინდა, ბატონ მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა ბატონ მამუკას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა“, – თქვა კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის კანდიდატურად კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი მინისტრი გეკა გელაძე დაასახელა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი კი უახლოეს დღეებში დასახელდება პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობაც.

ირაკლი კობახიძეს და ბრიფინიგზე მყოფ მაღალჩინოსნებს – მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს და სულხან თამაზაშვილს კითხვებზე არ უპასუხიათ.