„საკადრო, ორგანიზაციული და სხვა გადაწყვეტილებები“ | ეპისკოპოსი იაკობი პანსიონში ცვლილებებს გეგმავს

პუბლიკა

ნინოწმიდის ბავშვთა პანსიონში რეორგანიზაცია იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პანსიონის ახალმა ხელმძღავენლმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ისაუბრა, ასევე, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

იურისტის თქმით, პანსიონში ამ ეტაპზე 23 ბავშვია და მისი სრული დატვირთვით მუშაობის საჭიროება აღარ არის, ამიტომაც საჭიროა ცვლილებები.

„გუშინ განაცხადა მეუფე იაკობმა და საკადრო, ორგანიზაციულ და სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რათა ეფექტურად და სწრაფად განხორციელდეს ის დასახული მიზნები და რეფორმები, რომლებიც გაცხადებული იქნა.

ცვილებები დაკავშირებული იქნება ორგანიზაციის ოპტიმიზაციასთან, რადგან მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით პანსიონში არის 23 ბავშვი, იმის საჭიროება, რომ სრულად იყოს დატვირთული პანსიონი აღარ არსებობს“, – ამბობს ედიშერ ქარჩავა „TV პირველთან”.


პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აღარ უხელმძღვანელებს. 14 ივნისს პანსიონის ხელმძღვანელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი გახდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა.