სახ.დეპ-ი: უკრაინის დახმარებას გავაგრძელებთ, მაგრამ 2022-2023 წლების დონეზე - აღარ

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ომში, მაგრამ არა – 2022 და 2023 წლების დონეზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამას იმ დონეზე, რა დონეზეც ეს 2022 და 2023 წლებში ხდებოდა. არ ვფიქრობთ, რომ ეს საჭიროა, იმიტომ, რომ მიზანი უკრაინის საბოლოოდ გარდაქმნაა – მათივე სიტყვები რომ გამოვიყენოთ – დადგნენ ფეხზე და ააშენონ თავიანთი ინდუსტრიული და სამხედრო ბაზა, რათა შეძლონ საბრძოლო მასალების როგორც შექმნა, ისე დაფინანსება.

მაგრამ ჩვენ ჯერაც ვართ ამ გზაზე, ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, როცა უკრაინას საკუთარი თავის დაცვა დამოუკიდებლად შეუძლია. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კონგრესმა დაამტკიცოს კანონი დამატებითი დაფინანსების შესახებ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, კონგრესმა მხარი დაუჭიროს უკრაინას, ამიტომ არის მნიშნელოვანი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და სხვებისთვის, მხარი დაუჭიროს უკრაინას”. – თქვა მეთიუ მილერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს საბოლოო მიზანს – დაიმორჩილოს მთელი უკრაინა. მილერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონკრესი, საბოლოო ჯამში, მხარს დაუჭერს უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას.

2023 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის სენატმა დაბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის დახმარებას მოიცავდა. ხელახლა გასახილველად წარდგენას კი მხარი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლება არ დაუჭირეს. ისინი არ აპირებენ ფინანსების გამოყოფაზე თანხმობას მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნა, გამკაცრდეს მიგრაციის პოლიტიკა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლი.