სახ.დეპი: შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ქართული კომპანიები შესაძლოა დასანქცირდნენ.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს მათ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვიქნებით, რომ საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტის და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან.

მთელი დასავლური საზოგადოება გაემიჯნა რუსულ რეჟიმს და ახლა არაა დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან…

ქართველი ხალხი, სავარაუდოდ, ამჯობინებდა, პუტინს გაეყვანა რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიების 20%-დან, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ვიდრე ენახა პირდაპირი ფრენების აღდგენა ან ვიზის რეჟიმის ცვლილება”, – განაცხადა პატელმა.


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.