სახალხო დამცველი ჩხრეკაზე: სამართალდამცავი უწყება ვალდებულია არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო

პუბლიკა

სახალხო დამცველი სამოქალაქო აქტივისტებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში.


დღეს დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები მარიამ ბაჯელიძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლებში შევიდნენ.

ჩხრეკისას ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის სახლებში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.

„სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – აცხადებს უწყება.