სახალხო დამცველი: ეუთო/ოდირის დასკვნა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებებზე საკმაოდ კრიტიკულია და ცვლილებების შეუსაბამობაზე მიუთითებს

პუბლიკა

სახალხო დამცველის შეფასებით, ეუთო/ოდირის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა „საკმაოდ კრიტიკულია“ და მიუთითებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან.

ეუთო/ოდირმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან სწორედ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე შეაფასა.

„როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებს – ასახული უნდა იყოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკებში. შეზღუდვების განხილვისას, აღნიშნული უფლების სხვა უფლებებსა და ფართო საზოგადოებრივ ინტერესებთან შეპირისპირებისას, სახელმწიფომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მის ხელშეწყობას არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით.

ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო ცვლილება, როგორებიცაა სპონტანურ აქციებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შემოღება, აქციების დახურულ სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, ნიღბით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები უნდა იყოს გაუქმებული ან მთლიანად გადახედილი. ეუთიო/ოდირი ასევე მიუთითებს, რომ არაპროპორციული სანქციები შესაძლოა თავისთავად იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დადგინდეს მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა.

დასკვნის მიხედვით, შეკრებების აკრძალვის სხვა საფუძვლები უნდა იყოს გადასინჯული ან სულ მცირე, უფრო ფრთხილად და ვიწროდ ფორმულირებული, რომ გარანტირებული იყოს მათი ცხადად განსაზღვრა, იყოს მკაცრად აუცილებელი, პროპორციული და შეუსაბამო გავლენა არ იქონიოს მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე.

როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც სანქციის დაკისრება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისათვის უნდა იყოს გაუქმებული, ჯარიმების ოდენობა კი არსებითად უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით მცირე დარღვევებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი პროპორციულობა დამდგარ ზიანთან მიმართებაში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა შეფასება „ქართული ოცნების” მიერ ადმინისტრაციულ კოდექსსა და შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში წარდგენილ რეპრესიულ ცვლილებებზე – დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წარდგენილი ცვლილებები ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს, ხოლო ჯარიმები მნიშვნელოვნად შემცირდეს.

„ამ ცვლილებებიდან რამდენიმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შეუსაბამობის გამო. რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის სპონტანური შეკრებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეტყობინების მოთხოვნა, დახურულ სივრცეებსა თუ შენობებში შეკრებების ზოგადი აკრძალვა მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, დროებითი კონსტრუქციების, ან ადამიანის სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა, ასევე, ზოგიერთი ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი ზომები უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადაიხედოს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ არაპროპორციული ჯარიმა თავისთავადაც საკმარისი შეიძლება იყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევისთვის”.

ამასთან, ეუდთო/ოდირი მიუთითებს, რომ შეკრების აკრძალვის შესახებ შემოთავაზებული სხვა საფუძვლები უნდა გადაიხედოს, ან, სულ მცირე, მეტად მკაფიოდ და დავიწროებულად განისაზღვროს, რათა ისინი მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული, ასევე, იყოს მკაცრად აუცილებელი და პროპორციული, არ ახდენდეს ზედმეტ გავლენას მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაზე.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გამოიყენონ სადამსჯელო ზომად, უნდა გაუქმდეს.

დამატებით, ეუთო/ოდირი „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმების მოცულობა მნიშვნელოვნად შეამციროს, განსაკუთრებით მცირე დარღვევებთან მიმართებაში, რათა ის იყოს პროპორციული გამოწვეულ ზიანთან და არ გამოიწვიოს მსუსხავი ეფექტი.