სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს გუშინ, 7 აპრილს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მისმა წარმომადგენლებმა სამივე პირი მოინახულეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა“.
„სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – წერია განცხადებაში.
დაკავების დროს ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სერგი ბზიშვილი, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქეები გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდნენ და პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.