ომბუდსმენი პანდემიისას გაძვირებული საპენსიო სესხის ძველ გრაფიკზე დაბრუნებას მოითხოვს

ფასიანი განთავსება

სახალხო დამცველმა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და მოითხოვა ისეთი დადგენილების შემუშავება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება პენსიონერების სესხების პანდემიამდე არსებულ პირობებსა და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ხანდაზმულ პირებს პანდემიის დროს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივდა, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკით გათვალისწინებული თანხა იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი, ვიდრე საშეღავათო პერიოდის თანხა იყო, შესაბამისად, ხანდაზმულებს სესხი გაუძვირდათ და გაეზარდათ სესხის ხელშეკრულების ხანგრძლივობა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პენსიონერებს, რომლებმაც სხვისი დახმარებით, ინდივიდუალურად მიმართეს ბანკს და მოითხოვეს სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სესხის ვადა და თანხა, თუმცა, ომბუდსმენი აღნიშნავს იმასაც, რომ ხანდაზმულთა ნაწილს შესაძლოა არ მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე, რის გამოც ვერ ახერხებენ „ლიბერთი ბანკისადმი“ მიმართვას. ძველ გრაფიკზე დაბრუნების და ვალდებულებების რეფინანსირების მოთხოვნა, საჭიროებს შესაბამის ცოდნას და ხშირად, პენსიონერები ამ საკითხებში გარკვეულნი არ არიან.

აქედან გამომდინარე, ომბუდსმენმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და პენსიონერთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მიზნით, საშეღავათო პერიოდით მოსარგებლე დაზარალებულ მომხმარებელთა დაცვის მიზნით შესაბამისი დადგენილების/მითითების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც სს „ლიბერთი ბანკი“ მოახდენს ბენეფიციარ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას და შესაძლებელი იქნება პენსიონერების მიერ  გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება.

გარდა ამ საკითხისა, სახალხო დამცველი ყურადღებას ასევე ამახვილებს „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერებისათვის შეთავაზებული ოვერდრაფტის სესხებზე 

ომბუდსმენის განმარტებით, 2023 წლიდან სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრა, თუმცა, 2023 წლამდე აღნიშნული პროცენტი პენსიონერებისათვის შეუსაბამოდ მაღალი იყო. შესაბამისად, ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე აღებული სესხები გადაანგარიშებდება ახალი პირობებით და ახალი დაბალი პროცენტით, მხოლოდ პენსიონერების მიმართვის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც დგას არათანაბარი ინფორმირების პრობლემა. აქედან გამომდინარე:

„სახალხო დამცველმა მოითხოვა – პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ხანდაზმულთა საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.