სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში ჩავიდა

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ომბუდსმენის აპარატის წევრებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონში ჩავიდა, სადაც პანსიონის ხელმძღვანელს, მთავარეპისკოპოს იაკობს შეხვდა. ნინო ლომჯარია პანსიონის ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან ერთად შევიდა.

მანამდე სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველ რიგში შეხვდებიან პანსიონის ხელმძღვანელობას, შემდეგ კი ეცდებიან, გაესაუბრონ ბავშვებს, თუ ისურვებენ.

„ჩამოვედი სახალხო დამცველის აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების მიმართულებით. ასევე, გახლავთ ბავშვთა ფსიქოლოგიც, იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი, რომ გავესაუბროთ (და  ვაპირებთ მათთან გასაუბრებასაც). პირველ რიგში შევხვდებით პანსიონის ხელმძღვანელობას. მეუფე იაკობი ვიცი, რომ ადგილზეა. შემდეგ ვაპირებთ, ვნახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს საჭიროებების შეფასებებთან დაკავშირებით და რას აკეთებენ სოციალური მუშაკები, რომლებიც, როგორც ვიცით, აქ 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

შეკითხვაზე, დაგვიანებული ხომ არ არის ომბუდსმენის მონიტორინგი პანსიონში, ლომჯარიამ უპასუხა, რომ დაგვიანებულია, ვინაიდან ბავშვების ნაწილი გადაყვანილია ალტერნატიულ მზრუნველობაში და გათავისუფლებულები არიან თანამშრომლები.

„რა თქმა უნდა, დაგვიანებულია [შესვლა], თუმცა ვიცით, რომ 15 აღსაზრდელი იმყოფება, დღეის მდგომარეობით. სანამ აქ მოვიდოდი, შევხვდი სოციალურ მუშაკებს და მივიღე გარკვეული ინფორმაცია. ვიცი, რომ დაგეგმილია რამდენიმე აღსაზრდელის გადაყვანა ალტერნატიულ ზრუნვაში. ძალიან მნიშვნელოვანია, დანარჩენ ბავშვებთან მიმართებითაც დროულად მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


17 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ სახალხო დამცველისთვის ნინოწმინდის პანსიონის კარი გაიღებოდა.

მანამდე, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონში დირექტორის პოზიციაზე სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს აქამდე არ ეძლეოდათ შესაძლებლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგისთვის.