საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებული პირებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ მიღებულ თითოეულ შემთხვევაზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა.
„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია. უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას „აკვიატებას“ უწოდებს და ამბობს, რომ „არ შეიძლება 10-მა, 20-მა და თუნდაც 100-მა კაცმა შეაფერხოს და გადაკეტოს“ გზა. მისივე თქმით, ეს „კარგს არაფერს იძლევა“. ამის შესახებ იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
სახალხო დამცველმა ასევე თქვა, რომ „პროტესტი უმეტეს შემთხვევაში კანონს სცდებოდა”.
„ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ 300 დღის მანძილზე, ჩვენ ვადევნებდით თვალყურს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისათვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა.
მანდ მთავარი არის, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული – დაცული იყოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადაადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობს, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდა 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს.
გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მესმის ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის მანძილზე. ეს არაფერ კარგს არ იძლევა“,- ამბობს ლევან იოსელიანი.