სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმრებთან შეხვედრის კადრების გასაჯაროება კატეგორიულად დაუშვებელია – NGO-ები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები წულუკიანის მიერ  საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებაზე განცხადებას ავრცელებენ.

„აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ კი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

განცხადების მიხედვით, პრევენციის ეროვნული მექანიზმი დღესდღეობით წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზმს, რომელსაც უფლება აქვს, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში და შეამოწმოს იქ განთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

„შესაბამისად, პრევენციის ეროვნული მექანიზმი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა დახურულ და მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.”

ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტების უფლებამოსილების განსაზღვრისას საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ეყრდნობა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით განსაზღვრულ პრინციპებს.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელიც საქართველომ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერით აიღო და რომელიც მოცემულია ოქმის მე-20 მუხლში, სწორედ თავისუფლებააღკვეთილი პირისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის შეხვედრის კონფიდენციურობას შეეხება. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პრევენციის ეროვნული მექანიზმი უზრუნველყონ „მოწმეების გარეშე, პირადად ან თარჯიმნის დახმარებით, თავისუფლებააღკვეთილ პირებთან, ასევე ნებისმიერ იმ პირებთან კერძო საუბრის გამართვის შესაძლებლობით, რომლებსაც შეუძლიათ პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;“ ამავე მუხლში ნათქვამია, რომ მონიტორებს აქვთ „მოსანახულებელი ადგილების ან პირების საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება.“”

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ  უკანასკნელ წლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუარესებაზე არა მხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ წამების პრევენციის ეროვნული კომიტეტიც ალაპარაკდა და პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან ინტეგრირების შემდგომ, აღნიშნული უწყება საჯარო ინფორმაციას, უმეტეს შემთხვევაში, აღარ გასცემს, რის თაობაზეც პასუხისმგებლობა ასევე იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს ეკისრება.


თეა წულუკიანმა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებებზე ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის განხილვისას ციხიდან ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი წარადგინა და ომბუდსმენის წარმომადგენლის ჩაცმულობა და ქცევა გააკრიტიკა.

 

განცხადებას ხელს აწერენ:

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TIG) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);  კონსტიტუციის 42-ე მუხლი; წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“; ადამიანის უფლებათა ცენტრი