საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი – პროკურატურა მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა.
სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ ტერორისტული აქტი არის სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაული, რომლისთვისაც „ტერორისტული მიზანი“ აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს.
„აღნიშნულ მოთხოვნას თავად სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს და ტერორისტული მიზნის სამ კატეგორიას გამოყოფს. როგორც სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნაწილი, იგი წარმოადგენს სასამართლო განხილვისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხს, რომელიც სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტებით გამყარებული უნდა იყოს“, – წერს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენის განცხადებით, განაჩენის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი, ავტომატურად, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა.
სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოიხილა საერთაშორისო სტანდარტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ასევე სამეცნიერო და სხვა ნაშრომები სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტების, უშუალოდ ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით სპეციალური განზრახვის გამოკვეთის მნიშვნელობისა და, ასევე, მოტივისა და მიზნის გამიჯვნის საჭიროების შესახებ.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მეტ სიცხადეს შეიტანს სამართლებრივი საკითხის განხილვის პროცესში და დაეხმარება სააპელაციო სასამართლოს, მოცემული დანაშაული და მისი შემადგენელი ელემენტები შეაფასოს იმ სამართლებრივი სიზუსტით, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, დანაშაულის სპეციფიკა, დასაბუთების სტანდარტები და სამართლის ზოგადი პრინციპები მოითხოვს.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა 10 ივლისს გამოაცხადა.
ალეკო ელისაშვილს პროკურატურა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურის მტკიცებით, „29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა“.
ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად დაწყებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, თუმცა, შემდეგ ტერორისტული აქტის მცდელობის მუხლით შეიცვალა.
2026 წლის 30 მარტს პროკურატურამ ელისაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა ისევ ტერორისტული აქტის მუხლით. გამოძიების თანახმად, 2025 წლის 4 მაისს იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობასთან მივიდა, შენობაში აალებადი ნივთიერება შეაგდო და ხანძარი გააჩინა. საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად გამოყენებულია სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის მიერ აღებული სუნის კვალი, რის გამოც საქმეს ადვოკატები „ძაღლების საქმეს“ ეძახიან.
დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდებას პირდაპირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ხოლო ძაღლის მიერ იდენტიფიცირება არასაკმარისი და არასანდო მტკიცებულებაა. თავად ელისაშვილმაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქმე მხოლოდ „ერთი ძაღლისა და რამდენიმე კადრის“ საფუძველზეა აგებული.
კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება, რომელიც ალეკო ელისაშვილის მიმართ არსებობს, ალი ბაბაევის დევნას შეეხებოდა.
კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში ალეკო ელისაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით – ძალადობით პირის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე.
გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქთან ელისაშვილი თავს დაესხა „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ელისაშვილი ბრალდებას არ დაეთანხმა და აცხადებდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
ალი ბაბაევის საქმეზე ალეკო ელისაშვილი თავდაპირველად პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 2024 წლის 16 დეკემბერს პროკურატურამ თავად მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით. სასამართლომ პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი (ზოგიერთ მედიაში შეცდომით 4 000 ლარია მითითებული) შეუცვალა და ელისაშვილი გაათავისუფლა. საქმის განხილვა ჯერაც არ დასრულებულა.
2026 წლის 31 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ელისაშვილის წინააღმდეგ რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით).
ადვოკატის ინფორმაციით, ელისაშვილმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე პოლიციელ შოთა ჭიპაშვილს „არაკაცი“ უწოდა და სწორედ ამ სიტყვის გამო დაიწყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე.