სახალხო დამცველმა ბასილაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მისმა ოფისმა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის შესავლა დაიწყო. ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოძიება ყოფილი ცოლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების საქმეზე მიმდინარეობს.

„მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!“, – წერს ნინო ლომჯარია.

ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო დააკისრა.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ითვალისწინებს ოჯახურ ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.