სახალხო დამცველობა ადვოკატ მარიკა არევაძეს სურს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველობა სურს ადვოკატ მარიკა არევაძეს. მან დღეს პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს წერილი წარუდგინა.

მარიკა არევაძე ამბობს, რომ ის დამოუკიდებელი კანდიდატია და  პოლიტიკურად ნეიტრალური სახალხო დამცველი იქნება.

„რადგან ოპოზიციური პარტიები არჩევენ კანდიდატებს, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ჩემი მოსაზრება, მიცნობდნენ, იცოდნენ ჩემი ხედვები და ასე შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია. სახალხო დამცველის შერჩევაში მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, კონკურენტუნარიანი გარემო და რაც მთავარია, კანდიდატების მრავალფეროვნება, რომ საუკეთესო იქნას არჩეული”, – ამბობს ის.

მარიკა არევაძე ადვოკატია. ის ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრია.

როგორც მარიკა არევაძე ამბობს, 15 წელია ადვოკატია და უფლებადაცვით საქმიანობას ეწევა.

„ჩემს ცხოვრებას ვუთმობ ადამიანის უფლებების დაცვას, მაგრამ კიდევ უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას მომცემს სახალხო დამცველის მანდატი”, – ამბობს მარიკა არევაძე.