სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო 7-მა წევრმა დატოვა

პუბლიკა

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო 7-მა წევრმა დატოვა – განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბჭოს საქმიანობა შევიდა ჩიხში და ის ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ აღნიშნულ საბჭოს.

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო, რომელსაც კოორდინაციას უწევს ტოლერანტობის ცენტრი, წლების განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების განსახილველად და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე სამუშაოდ, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბჭოს საქმიანობა ჩიხში შევიდა.

ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, პირდაპირ აისახა აღნიშნული საბჭოს საქმიანობაზე, რომელიც არ/ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ბოლო ათი თვის განმავლობაში არ გამართულა არც ერთი სამუშაო შეხვედრა, მიუხედავად საბჭოს სხვადასხვა წევრის არაერთი მოთხოვნისა.

ე.წ. გამჭვირვალობის (რუსული) კანონის წინააღმდეგ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა საბჭოს კოორდინატორის, კობა ჩოფლიანის მხრიდან საბჭოს საქმიანობაში უხეში ჩარევა, საბჭოს წინააღმდეგ მისი სახელით გავრცელდა ხელმომწერებისთვის შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება; ასევე, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ მას და იზაბელა ოსიპოვას, საბჭოს წევრებთან და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, სურთ საბჭოს საქმიანობის წარმართვა.

აგრეთვე საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს.

აქედან გამომდინარე საბჭოში შემავალმა ორგანიზაციების თუ ფიზიკურმა პირების ერთმა ნაწილმა, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებს, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება – ერთი მხრივ, უფუნქციო საბჭოს დატოვების თაობზე, ხოლო მეორე მხრივ, ახალი – ეთნიკური მრავალფეროვნების – საბჭოს დაარსებაზე.

ეთნიკური მრავალფეროვნების საბჭოში შემავალ ყველა სუბიექტს აქვს სურვილი, რომ მათი საქმიანობა რეალურად ასახავდეს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს, საზოგადოებას აწვდიდეს ამომწურავ ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, აჟღერებდეს მათ სათქმელს სხვადასხვა ფორუმისა თუ პლატფორმის გამოყენებით და მუშაობდეს ადგილობრივი თემების პრობლემების მოგვარებაზე; აგრეთვე, ხელს უწყობდეს ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნების ისტორიის გადააზრებას, თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებასა და გამყარებას”.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ელნურ ალისოი – სოლიდარობის მოძროაბა;
  2. ზაზა კალაშოვი – ქუთული ორგანიაზაცია რონაი;
  3. რაშან ზიადალიევი – სამოქალაქო ჩართულობისა და ატივიზმის ცენტრი;
  4. ჯეიხუნ მუჰამედალი – წითელი ხიდი;
  5. ალექსანდრე ქავთარაძე – საქართველოს უდიები;
  6. სამირა ისმაილოვა – სამოქალაქო თანასრორბის პლატფორმა;
  7. გიორგი ტუმასიანი – საქართველოს სომხური სათემო პლატფორმა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის განსაზღვრაში.

„აღსანიშნავია, რომ არც „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო“ და არც „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო“ არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს. ორივე საბჭო არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი სუბიექტი და მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა, სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის განსაზღვრაში, განხორციელებულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას საბჭოებში განვითარებულ შიდა პროცესებზე.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხზე და ამ მიზნით ყოველწლიურად სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, რეგიონულ თუ ცენტრალურ დონეზე, შეხვედრებს მართავენ, როგორც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან, ისე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპარატის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები აისახება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

სახალხო დამცველი და მისი აპარატი გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვასა და ადვოკატირებაზე მუშაობს“, – აცხადებს ომბუდსმენი.