„დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი Globalnews-ის მიერ დასმულ შეკითხვას „ქართული ოცნების” ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
Globalnews.ge-ის შეკითხვაზე, „მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს მმართველი პარტიის პრემიერთან პირველი შეხვედრები გაიმართა. შეგიძლიათ ამ შეხვედრის დეტალები გაგვიზიაროთ, რა ძირითადი საკითხები განიხილეთ და ასევე, რა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია შეხვედრისას?”, სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ:
„დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით”.
„ქართული ოცნების” ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში იმყოფებოდა.
დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ აშშ-სთან „სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს, ვინაიდან „ორივე ქვეყნის ხელისუფლებას საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ერგო”.
„ოცნების” ეკონომიკის მინისტრი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა.
პრესრელიზის თანახმად, მან ჯოშუა ჰაკთან „ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა”.
პრესრელიზში ასევე წერია, რომ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.
„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“ – თქვა ლევან დავითაშვილმა.
ჯოშუა ჰაკი აქტიურად აკრიტიკებდა „ქართული ოცნების” ქმედებებს.
2024 წლის ივლისში, საქართველოში პირველი რუსული კანონის მიღების შემდეგ ჯოშუა ჰაკმა კონგრესში განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიიდან, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს”.
ჯოშუა ჰაკმა იმავე სხდომაზე ილაპარაკა „ქართული ოცნების” დეზინფორმაციულ კამპანიაზე, ასევე, სანქციებზე, რომელიც აშშ-მა „მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტის წევრებს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაუწესა”.