სახდეპი საქართველო-ჩინეთის პარტნიორობაზე: „განვაგრძობთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს“

პუბლიკა

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს გააგრძელებენ”.  შეკითხვა ამ საკითხზე სახდეპში ტელეკომპანია „ფორმულამ” დასვა.

„ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის ინვესტიციებზე ან ჩართულობაზე. ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს საქმიანობა გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის შესაბამისად განხორციელდება, მდგრადი დაფინანსებით და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რათა არ იყოს პოლიტიკური დათქმები. საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, ვისთან სურთ ბიზნესის კეთება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ იძლევა დაპირებებს, რაც საბოლოოდ შეუსრულებელი რჩება. ჩვენ ყურადღებით განვაგრძობთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს”, – აცხადებენ სახდეპში.

„ფორმულას” თარგმანი


საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს ერთობლივი განცხადება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებმა გაავრცელეს.

განცხადების მიხედვით, მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით.

ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაფორმდა.

ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა twitter-ზე დაწერა: „მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ჩინეთისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის”.