სახელმწიფო დროშა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის თვალსაჩინო განსახიერებაა - პრემიერი

პუბლიკა

„უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა“,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას.

„დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ – დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა – ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ რა ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი მარადიული ხსოვნის წინაშე“,- აცხადებს ღარიბაშვილი.

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს ამ დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წლევანდელი თარიღი ღირსშესანიშნავი ასევე იმიტომ არის, რომ ისტორიული დროშის აღდგენიდან 20 წელი შესრულდა.

„საქართველოს სახელმწიფო დროშა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლოა. თეთრ ველზე გამოსახული ხუთი მეწამული ჯვარი საუკუნეების განმავლობაში იყო აღმართული თბილისის და ცხუმის (სებასტოპოლისის) თავზე და აღნიშნავდა ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციის უკიდურეს აღმოსავლეთს. ნიშანდობლივია, რომ საქართველო დღესაც ამ დროშით იბრუნებს ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში.

წლევანდელი თარიღი ღირსშესანიშნავია ასევე, რადგან შესრულდა 20 წელი ისტორიული დროშის აღდგენიდან. საბჭო ულოცავს საზოგადოებას დროშის დღეს და მოქალაქეებს მოუწოდებს აღმართვისა და გამოფენის შემთხვევაში დროშისადმი გამოიჩინონ ღირსი პატივისცემა…“,- ნათქვამია განცხადებაში.