სახელმწიფო ინსპექტორი: იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!

პუბლიკა

საკანონმდებლო  ცვლილებების პაკეტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა და რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის და სახელმწიფო ინსპექტორის  სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, ლონდა თოლორაია ეხმაურება.

სახელმწიფო ინსპექტორი ცვლილებების პროექტს “საახალწლო სიურპრიზს უწოდებს” და ამბობს, რომ კანონში ცვლილებები კონსპირაციულად  დაინიცირდა.

“დღეს, ,,წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, ინტერპრესნიუსიდან გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ.

ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში.

რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება! მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს.

მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი!” – წერს ლონდა თოლორაია.