სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აჭარის მაუწყებელი დააჯარიმა - EMC

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აჭარის ტელევიზიის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა და მაუწყებელი 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლის მხრიდან თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ფაქტს. დასაქმებულების ინტერესებს EMC იცავდა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა მაუწყებლის თანამშრომლების შოთა (ბაჩო) გურაბანიძისა და გიორგი მურვანიძის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების საკითხი და დაადგინა, რომ 2020 წლის 30 ივლისს მაუწყებლის სატელევიზიო ეთერის ბადეში, გადაცემა „მთავარში“ კანონის დარღვევით გავრცელდა თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც მარტივად იყო შესაძლებელი განმცხადებლების იდენტიფიცირება.

EMC-ის ცნობით, ინსპექტორმა დარღვევად მიიჩნია, რომ მაუწყებელმა განმცხადებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებით და გავრცელებით, დაარღვიეს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას პრინციპების დაცვის ვალდებულება. ორგანიზაცია წერს, რომ სახელმწიფო ინსპექტორთან დაფიქსირებულ პოზიციაში აჭარის მაუწყებელმა უარყო „მთავარის“ ჟურნალისტებისათვის ვიდეო-მასალის გადაცემის ფაქტი და მიუთითა, რომ მათთვის უცნობი იყო, რა გზით მოიპოვეს ჟურნალისტებმა ვიდეომასალა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიჩნია, რომ მიუხედავად მაუწყებლის რეპუტაციის დაცვის ინტერესისა, მაუწყებლის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროვება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად და მაუწყებელს შეეძლო რეპუტაციის დაცვა ვიდემასალის გასაჯაროვების გარეშეც. სამსახურმა მიიჩნია, რომ განმცხადებლების პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდა კანონიერი მიზნისათვის შეუსაბამო მოცულობით და არ იყო მიზნის შესაბამისი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა ითვალისწინებდა გაფრთხილების ან ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობას, სახელმწიფო ინსპექტორმა გაითვალისწინა სამართალდარღვევის ხასიათი, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოებები და მაუწყებელს ჯარიმის გადახდა დააკისრა“, – წერს EMC.


აჭარის მაუწყებლიდან არხის დირექტორმა ტელევიზიის 3 თანამშრომელი – აჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე 30 ივლისს გაათავისუფლა.

არხის თანამშრომლები სამსახურიდან 3 პირის დათხოვნის ფაქტს „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებდნენ. ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე „ალტერნატიული პროფკავშირების“ აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას თავიანთ აქტივობებს უკავშირებენ.

4 აგვისტოს აჭარის ტელევიზიამ მათთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტა.

„მიუხედავად დამდგარი შედეგისა, იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა“, – განაცხადა მაშინ მაუწყებელმა.

LB loan image desktop LB loan image mobile