სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 800 000-მდე ლარის ავტომანქანები შეიძინა.
ამისთვის ლონდა თოლორაიას უწყებამ გასულ თვეს ზედიზედ სამი ტენდერი გამოაცხადა.
მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ინსპექტორის სამსახურმა სხვადასხვა ფასის ავტომობილი შეიძინა – მაგალითად, ერთ-ერთი „ტოიოტა ქამრი” სახელმწიფო ბიუჯეტს 85 000 ლარი დაუჯდა, მეორე – 82 135, „ტოიოტა rav 4″ – 75 000 და ა.შ.
ერთი ტენდერის შედეგად ინსპექტორის აპარატმა 530 000 ლარი დახარჯა და ცხრა მანქანა შეიძინა, მეორე ხელშეკრულებით 97 000-ად 2 ავტომობილი იყიდა. ხოლო მესამეთი 82 135 ლარი ერთ ავტომობილში გადაიხადა. სულ სამსახურმა მანქანებში 784 935 ლარი დახარჯა.
ინსპექტორმა მანქანები გამარტივებული წესით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულების საფუძველზე შეიძინა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.
2019 წლის 3 ივლისიდან სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიაა. მანამდე იგი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.