საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრი და საკრებულოს დეპუტატი, ნინო წულაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ბავშვთა სიღარიბე კრიტიკულ ზღვარზეა და სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ საარსებო შემწეობის გაცემით მიჯაჭვულობის პრინციპს ქმნის სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებთან.
„ზოგადად, ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში არის კრიტიკულ ზღვარზე. სახელმწიფო მხოლოდ საარსებო შემწეობის გაცემით მიჯაჭვულობის პრინციპს ქმნის ამ ბავშვების ოჯახებთან და უშუალოდ ბავშვებთან. ისინი არ ცდილობენ არანაირი ალტერნატივის შექმნას და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე არჩევნების მოგების გზებს აგებენ იმიტომ, რომ ეს მოწყვლადი ჯგუფი რაც უფრო დაახლოებული და მიჯაჭვული გეყოლება ყოველთვიური გასაცემელით, მით უფრო მარტივია მათი მართვა.
ისინი გათვლას აკეთებენ არასრულწლოვანების მშობლებზე, შესაბამისად, არც დასაქმების შესაძლებლობებს ქმნიან მათთვის, არც ეკონომიკა და მცირე და საშუალო მეწარმეობა ვითარდება, რომ ეს ადამიანები ადგილზე დასაქმდნენ, ადგილობრივ ბიზნესში ჩართვით. შესაბამისად, გვაქვს მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი ქვეყანაში, სადაც არის გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, საბანკო ვალდებულებები და იქმნება სრული ჭაობი, განვითარების შესაძლებლობის არარსებობა, რაც არათუ მშობლებს, არამედ ამ ბავშვებს უკარგავს განათლების მიღებისა და სამომავლოდ განვითარების შესაძლებლობას.
მშიერი ბავშვი, რომელიც დღის განმავლობაში ვერ იღებს შესაბამის საკვებ რაციონს, ისეთივე წარმატებით ვერ ითვისებს იმ საგნებს, რომელთა ასათვისებლადაც დადის სკოლაში“, – ამბობს წულაძე.
ნინო წულაძე მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნა უნდა უზრუნველყოს, რათა ადამიანები ყოველთვიურ შემწეობაზე აღარ იყვნენ მიჯაჭვულები და ოჯახები ეკონომიკურად გაძლიერდეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უშუალოდ ბავშვებისთვის უფასო მუნიციპალური სერვისების შეთავაზება.
„სიღარიბის დასაძლევად საჭიროა სამუშაო ადგილების შეთავაზება მშობლებისთვის და არა ყოველთვიურ შემწეობაზე ამ ადამიანების მიჯაჭვულობა. სახელმწიფოში არსებობს დასაქმების პროგრამაც და დასაქმების ბიუროც, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ პროცენტულად ვის ასაქმებს, ამის სტატისტიკა ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას სამუშაო ადგილები, სადაც ეს ადამიანები დასაქმდებიან, ექნებათ ღირსეული სამუშაო პირობები და რაც მთავარია, ღირსეული ანაზღაურება. ზოგადად, სიღარიბე და სამუშაო ადგილები არის ერთი შეკრული საკითხი და ყველა კვლევით ეს ორი რამ არის მოსახლეობის მთავარი პრობლემა.
ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახებისთვის ეკონომიკური გაძლიერება არის პრიორიტეტი იმიტომ, რომ ეკონომიკურად ძლიერი ოჯახი უზრუნველყოფს ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანების განვითარების შესაძლებლობას. ეს იქნება საგანმანათლებლო თუ სპორტული განვითარება, სხვადასხვა წრეზე სიარული და ასე შემდეგ.
ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების მუნიციპალური სერვისები, მაგალითად, უფასო სპორტული აქტივობები, ასევე, საგანმანათლებლო, ინტელექტუალური სერვისების შეთავაზება, სადაც ადამიანები, ბავშვები უფასოდ შეძლებენ კონკრეტული სარგებლის მიღებას. რეალურად, ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან აქტიური დაინტერესება, კვლევები, ოჯახების შესწავლა, გამოკითხვა, მათი საჭიროებების დადგენა და შემდგომ ერთიანი, მოქნილი პროგრამის შემუშავება“, – აღნიშნავს ნინო წულაძე.
საკრებულოს დეპუტატი ხაზს უსვამს უფასო სასკოლო კვების მნიშვნელობას და ამბობს, რომ პოლიტიკური ნებისა და არამიზნობრივი ხარჯის შემცირების შემთხვევაში, პროგრამის დანერგვა შესაძლებელია ისე, რომ მოცული იყოს თბილისის საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე.
„ბავშვები, რომლებიც პარალელურად სასკოლო ასაკის არიან, სკოლაშიც კი ვერ იღებენ მაგალითად, ლანჩის სახით უფასო საკვებს. ეს პრობლემა შემდეგ უკვე აისახება ამ ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე, განათლების მაჩვენებელზე და სხვადასხვა კვლევით დადასტურებულ ციფრებში, სადაც წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა თუ სხვადასხვა საგანში, საქართველოში სკოლის მოსწავლეთა მაჩვენებლები ბევრად ჩამოუვარდება განვითარებული და ბევრ შემთხვევაში, განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებლებსაც კი.
აბსოლუტურად შესაძლებელია ამ პროგრამის დანერგვა. ჩვენმა პარტიამ დაითვალა და საკრებულოში დავარეგისტრირეთ საკანონმდებლო წინადადება ასეთი შეთავაზებით, რომ მუნიციპალიტეტს შეესწავლა და თავის თავზე აეღო თბილისის საჯარო სკოლებში ამ პროგრამის დანერგვა, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით.
დაახლოებით 90 მილიონზეა საუბარი იმ შემთხვევაში, თუ 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი იქნება მოცული. თბილისში არის დაახლოებით 176 საჯარო სკოლა და 182 777 მოსწავლე სწავლობს 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით.
სასწავლო დღეების რაოდენობა დაახლოებით შეადგენს 171 დღეს და თუ ავიღებთ, მაგალითად, 3-ლარიან მენიუს, მაშინ ამდენი ბავშვის კვება 171 დღის განმავლობაში, დაახლოებით, 90 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად შესაძლებელია ნაწილობრივ თბილისისა და ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, რა თქმა უნდა, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება და შემცირდება ყველა არამიზნობრივი ხარჯი“, – აცხადებს ნინო წულაძე.