საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ბავშვთა სიღარიბე ქვეყნის სისტემური პრობლემის გამოვლინებაა და ამ რაოდენობის ბავშვების სიღარიბეში ცხოვრება ყველა სისტემის მოშლაზე მიუთითებს. მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა, თუ როგორ უნდა ამოვიდნენ სიღარიბიდან ოჯახები და ბავშვები, არ არსებობს.
„სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულება არის ის, რომ ეს ადამიანები მუდმივად ამყოფოს მიზერულ თანხაზე, აყვედროს ეს დახმარება და შემდეგ მარტივად მართოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ფენა, მათ შორის, ამ ბავშვების მშობლები. სახელმწიფო პოლიტიკა საერთოდ არ არის ორიენტირებული იმაზე, როგორ უნდა ამოიყვანოს ოჯახები და ბავშვები სიღარიბიდან. სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა უბრალოდ არ მუშაობს ამ ქვეყანაში.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ბავშვთა სიღარიბეზე ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ვთქვათ კვებითი რაციონი არ არის საკმარისი. ასეთ გარემოში ჩვენი პრობლემა ის არის, რომ სისტემა წირავს ამ ბავშვებს იმისთვის, რომ მარტო ბავშვობაში კი არა, მერეც სიღარიბეში იცხოვრონ იმიტომ, რომ მოკლებულნი არიან ადეკვატურ განათლებას, ჯანდაცვას, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ძალადობის მიმართ და ასე შემდეგ“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ბავშვთა სიღარიბის დაძლევისთვის ოჯახების გაძლიერება პრიორიტეტული უნდა იყოს, რაც მათთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზებასა და დასაქმების ხელშეწყობაში უნდა გამოიხატოს.
„მე მიმაჩნია, რომ ფულადი დახმარების სტანდარტული მოჭრილი პაკეტი არ არის სინამდვილეში ორიენტირებული იმაზე, რომ ოჯახი გაძლიერდეს. ფულადი დახმარების გარდა, მათთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სერვისის შეთავაზება.
ასევე, პრიორიტეტული უნდა იყოს მშობლების დასაქმება და მათი დასაქმების ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და მათთვის ღირსეული ანაზღაურების ქონა. ჩვენ რა რეალობაში ვცხოვრობთ გეტყვით, მაგალითად, ქუთაისში, პედაგოგი რომელიც სამუსიკო სასწავლებელში ასწავლის, მეუბნებოდა, რომ 10 მოსწავლე მყავსო და 10 მოსწავლიდან მხოლოდ ერთს ჰყავს ქვეყანაში ორივე მშობელიო. დანარჩენებს ერთი ან ორივე მშობელი ჰყავთ საზღვარგარეთ. ასეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში, უამრავი მოქალაქე ტოვებს საქართველოს.
ალბათ გახსოვთ შემთხვევა, როცა ბებია ზრდიდა ბავშვს, რომელზეც მამამ სექსუალურად იძალადა. სოციალური სამსახური რეალურად ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერების კუთხით ვერ მუშაობს და ეს პრობლემაც მოსაგვარებელია. ის ასევე, მათი ინტერესების დაცვისა და მეურვეობის ფუნქციასაც ვერ ასრულებს ეფექტიანად. როცა ამას ვამბობ, ძალიან ხაზგასმით ვიტყვი, რომ აქ არ იგულისხმება და პასუხისმგებლობა არ დადის ცალკეულ მუშაკზე, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მწირი რესურსი და ბევრი ფუნქცია აქვს დაკისრებული. მე ვლაპარაკობ სისტემურ პრობლემაზე, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე“, – ამბობს ნაცვლიშვილი.
ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, თავდაპირველად, მოკლევადიან პერსპექტივაში რაც ყველაზე სწრაფად უნდა დაინერგოს, ეს არის უფასო კვება სკოლებში. მისი თქმით, ეს პროგრამა პრობლემას ვერ აღმოფხვრის, თუმცა ბავშვების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.
„ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც არაერთმა ქვეყანამ წარმატებით დანერგა არის უფასო კვება სკოლებში. რა თქმა უნდა, ეს ვერ აგვარებს პრობლემას, თუმცა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რამდენიმე დეპუტატმა ამ საკითხთან დაკავშირებით დავსვით კითხვა, თუმცა პასუხი იყო, რომ ეს კომპლექსური საკითხია, დრო სჭირდება, უნდა შევისწავლოთ და ასე შემდეგ. ხომ ჯობია ნელ-ნელა დაიწყოს და ყოველ დღე თითო ბავშვი გადმოვიყვანოთ სიღარიბიდან საშუალო ფენის კალათაში და ერთით ნაკლები მშიერი ბავშვი გვყავდეს ყოველდღიურად.
ამის ძალიან კარგი მაგალითია წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სადაც ჯერ მხოლოდ პირველკლასელებს შეუძლიათ, ისარგებლონ უფასო სასკოლო კვებით. ბავშვი რომელსაც გაკვეთილზე შია და ვიცით, რომ ეს რეალობაა, ის შესაბამისი ხარისხის განათლებასაც ვერ იღებს“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.