საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ, ზუგდიდში მომხდარ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ, არამხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვლაპარაკობ. ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მაგრამ, საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ვიდეომიმართვაში ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი.
„რითი არიან დაკავებულები პოლიციის თანამშრომლები და სუსი? იმის მაგივრად, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან, ივანიშვილის დავალებით სხედან შტაბებში, წინ უდევთ სიები, მოქალაქეების, ბიზნესმენების და დაკავებულები არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით“, – განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, ზუგდიდში, გუშინ, პოლიცია და სუსი „ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილი აქციის კონტროლით იყო დაკავებული და არა მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით.
„გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე, ჩაცმულობით, იარაღით, როგორც ამბობენ, გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში, ისე, რომ არავინ გააჩერა, რატომ? იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალათასიანი აქცია, მთელი სუსი და პოლიცია კი გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე. „მარშუტკა“ არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ აღარ ეცალათ მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და კრიმინალებისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ყველგან აქვთ დიდი დაუცველობის განცდა.
„ეს არის არამხოლოდ სრული დაუცველობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ფინანსური კუთხით, არამედ ფიზიკური დაუცველობის სრული განცდა და ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი პერიოდი მოგვიწოდებდა კრიმინალს გაგებით მოვკიდებოდით. ეს გააკეთა იმან, ვინც ხელისუფლებაში რამდენიმეთვიანი პატარა ბავშვის მკვლელობით მოვიდა“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
გუშინ, დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალსა და პოლიციის უფროსთან ერთად დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დასაკავებლად“, – ამბობენ შსს-ში.