სახელმწიფო შეკვეთილში, Black Sea Arena-ს მოპირდაპირედ, პირობიანი აუქციონის წესით მიწას ყიდის – აუქციონში გამარჯვებული კი ვალდებული იქნება, რომ „სთარინგ ჯორჯიასთან“ შეთანხმებული დიზაინით ჰოსტელი, აპარტამენტები და სხვა სივრცეები მოაწყოს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა.
შესაბამისი განკარგულება მიმდინარე წლის 8 ივლისის თარიღდება.
დოკუმენტით ირკვევა, რომ სახელმწიფო შეკვეთილში მიწის ორ ნაკვეთს (ჯამში 25 000 კვ.მ) პირობიანი პრივატიზაციის წესით – 1 ლარად გაყიდის.
შესაბამისი განცხადება უკვე გამოქვეყნებულია ოფიციალურ ვებგვერდზე – eAuccion.ge.
მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება – 4 902 634 ლარია.
განკარგულებით გაწერილია ის პირობები, რომელიც აღნიშნული მიწის ნაკვეთების შეძენას მოჰყვება. ესენია:
3 წლის ვადაში:
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის (3 წლის) ვადაში უნდა მოხდეს არანაკლებ 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთის ათვისება და მასზე არანაკლებ 7 956 000 ლარის დახარჯვა.
- კერძოდ, შპს სთარინგ ჯორჯიასთან შეთანხმებული პროექტის/დიზაინის/კონცეფციის შესაბამისად, არანაკლებ 4000 კვ/მ საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობის აშენება, რაც მოიცავს – 65 ერთეულ არანაკლებ 30 კვ/მ (შიდა სივრცე) ფართობის მქონე აპარტამენტს/ნომერს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინდივიდუალურ სველ წერტილსა და სამზარეულო კუთხეს;
- 6 ერთეულ არანაკლებ 60 კვ/მ და 1 ერთეულ 40 კვ/მ (შიდა სივრცე) ფართობის მქონე აპარტამენტს/ნომერს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინდივიდუალურ სველ წერტილს, სამზარეულო კუთხესა და მისაღებ სივრცეს;
- არანაკლებ 800 კვ/მ საერთო სარგებლობის ფართს (რომელიც მოიცავს არანაკლებ 100 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს, კაფეტერიასა და არანაკლებ 50 ადამიანზე გათვლილ სამუშაო სივრცეს);
6 წლის ვადაში:
დარჩენილი ტერიტორიის – დაახლოებით 20 000 კვ/მ მიწის ნაკვეთის ათვისება კი 72 თვის (6 წლის) ვადაში უნდა მოხდეს.
განკარგულებაში წერია, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს არანაკლებ 100 ნომრის მქონე ჰოსტელის/ სასტუმროს/აპარტამენტის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის, ღია სივრცე(ებ)ის მქონე კვების ობიექტ(ებ)ის, საბავშვო სივრცისა და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცის შექმნას/მოწყობა.
ამ პუნთქით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე არანაკლედ 3 მილიონი უნდა დაიხარჯოს.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იქნება, შესაბამისი ნასყიდობის ნელშეკრულების გაფორმებამდე, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.