სახელმწიფო უკრაინელ ოჯახებს 300 ლარით ეხმარება - ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

„სახელმწიფო უკრაინელ ოჯახებს 300 ლარით ეხმარება და ასევე, თითოეულ ადამიანს, ვისაც ამის საჭიროება აქვს 45 ლარით“, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არის სპეკულაცია ლტოლვილი უკრაინელების საკითხთან დაკავშირებით, რომლებმაც დღეს დატოვეს სასტუმროები.

„სხვადასხვა სასტუმროებში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის ასევე მათთვის, ვინც არ არიან სასტუმროებში განთავსებულები მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში და მათი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო თითოეულ ოჯახს დაეხმარება 300 ლარით და ასევე თითოეულ ადამიანს, ვისაც ამის საჭიროება აქვს, 45 ლარით. მინდა მოკლე განმარტება გავაკეთო, საიდან მივედით თანხებამდე და თუ როგორი პრაქტიკაა.

მოგეხსენებათ უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებულები და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და გამოცდილება ვნახეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ქვეყანაში გვყავს 300 000 -მდე ჩვენი დევნილი თანამემამულე, ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დევნილებისთვის და ზუსტად მათთვისაც ეს თანხებია განსაზღვრული რასაც ჩვენ ვაძლევთ ბინის საქირავებლად და ასევე ის 45 ლარიანი დახმარება, რომელსაც ჩვენ ჩვენს დევნილებს ვაძლევთ ყოველთვიურად“, – თქვა მან.

მისი თქმით, სპეკულაცია და პოლიტიკურ თემებში გადაყვანა ამ საკითხის, მიზანშეწონილი არ არის.

„მოვუწოდებ, თითქოს იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ამ პრობლემების მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს. დღეიდან დიდი ნაწილი სასტუმროებიდან გამოვიდნენ და უდიდეს ნაწილს ჩაერიცხათ ეს დახმარება“,  თქვა მინისტრმა.


პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს ბრიფინგზე საზოგადოებას, ბიზნესს მოუწოდა, რომ დაეხმარონ ქუჩაში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ დღეს უკრაინელები გამოაგდო სასტუმროებიდან და სახლებიდან, რადგან დასრულდა რამდენიმეთვიანი პროგრამა, რითაც უკრაინელ ლტოლვილებს შეეძლოთ, ეცხოვრათ და ეკვებათ.