სახელმწიფოებრიობის ეგზისტენციალური საფუძვლების ჩამოშლის პროცესი თვალნათლივი გახდა - ვასაძე

პუბლიკა

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილების მიზეზად პერმანენტული კრიზისი დაასახელა.

„მინდა, აღვწერო, რა ხდება. ყველას გვაქვს ჩვენი შეხედულებები და რატომ გადავდგი მე კონკრეტულად ჩემთვის ასეთი არაკომფორტული და მძიმე ნაბიჯი.

მე კარგად ვაცნობიერებ იმ დარტყმას, რომელსაც ახლა მე მივიღებ, სამწუხაროდ, ჩვენი ამ ქაოტური პოლიტიკური და მასმედიური კულტურის გამო. მე ბოდიში მოვუხადე წინასწარ ჩემი საყვარელი ოჯახის წევრებს, სამეგობროს, გარემოცვას იმისთვის, რაც წინ მელოდება და არაფრის დრამატიზება არ მინდა, მაგრამ არაერთი წელია, ვარ ასეთი შეურაცხყოფის და ცილისწამების ობიექტი და იქნებ ეს მწარე გამოცდილება რაღაცაში გამომადგეს… მარტო ღმერთმა იცის, ეს დიდი მარხვა რამდენად მძიმე იყო ჩემთვის, საზოგადოების ნაწილი ალბათ შეამჩნევდა, რომ თითქმის ხმას არ ვიღებდი, ნაცვლად ჩემთვის ჩვეული საზოგადოებრივი აქტივობისა, არაფერს ვაკომენტარებდი, გარდა გამოუვალი სიტუაციებისა, როგორიც იყო და არის ნამახვანჰესის პროექტი.

მთელი ეს დრო ვდუმდი და ვფიქრობდი, რა ვქნა მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური სისტემის და, ჩემი აზრით, სახელმწიფოებრიობის ეგზისტენციალური საფუძვლების ჩამოშლის პროცესი თვალნათლივი გახდა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, შესრულდა ყველა პროგნოზი, რომელიც მან შარშან, შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებამდე გააკეთა.

ვასაძის მტკიცებით, მან თქვა, რომ „უპერსპექტივო და მავნებლური პოლიტიკური რეფორმა“ პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებდა და საპარლამენტო არჩევნები ვერ გამოიღებდა ქვეყნის სტაბილიზაციის სასურველ შედეგს.

მისი აზრით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი რიგი პოლიტიკური რეფორმების შედეგია.

ლევან ვასაძის განცხადებით, ქვეყანაში მოსახლეობას უმძიმესი სოციალური ფონი და ეკონომიკური გაჭირვება აქვს. ასევე, ქვეყანაში არის უსამართლობისა და უიმედობის განცდა. მისივე შეფასებით, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამართალი აღარ არსებობს და კანონი შერჩევითია.

„ლეგენდარულ მასშტაბშია ასული ჩვენი ურთიერთსიძულვილი და ურთიერთდაპირისპირების ანტიკულტურა, ექსტრემისტული, მე ვიტყოდი, თავდასხმა ერთმანეთზე, ჩვენი ქვეყნის ძირითად ინსტიტუტებზე, უკვე გახდა ყოველდღიური რეალობა და ამ რეალობიდან გამოსავალი ერთად უნდა ვეძებოთ“, – თქვა მან.

ლევან ვასაძეს ქვეყანაში არსებული ვითარების მთავარ მიზეზად არ მიაჩნია პანდემია. მან კიდევ ერთხელ ახსენა „დესტრუქციული პოლიტიკური რეფორმა“, რომლის შედეგად, მისი შეფასებით, ქვეყანაში მოშლილია სახელისუფლებო გადაწყვეტილების მიღების მწყობრი სისტემა.

„ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ ,როდესაც ჯერ კიდევ ენმ-ს ზეობის ხანაში, სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მხრიდან დაიწყო, „ოცნების“ დროს გაგრძელდა და აგერ უკვე მთავრდება პოლიტიკური რეფორმა, რომლის შედეგადაც უარი ვთქვით ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთ პროდუქტიულ სისტემაზე, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული პირდაპირი დემოკრატიული წესით უფლებამოსილი, ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი და გარდა ამისა, ის საპარლამენტო რეფორმა, რომელიც ჩატარდა ნაცვლად დაპირებული ევროპის გამაოცებელი დემოკრატიისა, გადაიზარდა იმ ქაოსში და გადაწყვეტილებების მიღების უუნარობასა და არეულობაში, რომელშიც ახლა ვართ“, – განაცხადა მან.

ლევან ვასაძისთვის „ბოლო წვეთი“, რის შემდეგაც პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო, იყო დანიელსონის დოკუმენტზე პოლიტიკური მხარეების ხელმოწერა.

„ამ დოკუმენტში, ჩემი აზრით, გარდა მძიმე გადაწყვეტილებებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონდარღვევით გამოშვებისა, მოხდა კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ – ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება.

აწი, თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორციელდა და ძალაში შევიდა, შედეგად ქვეყანას ისედაც შეზღუდული, შევიწროებული, მყიფე და მცირე სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება, აწი ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკომ, როგორ დათვალოს ხმები, ვეღარ წყვეტს, ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა უცხოელების ჩარევის გარეშე და ისევე ვეღარ წყვეტს, როგორ ამუშაოს ანტიკორუფციული ინსტიტუტები თავის შიგნით“, – განაცხადა ვასაძემ.