სახელმწიფომ გვაგრძნობინა, რომ მისთვის არ ვარსებობთ - ტრანსგენდერი ქალი

პუბლიკა

ტრანსგენდერი ქალი მადონა კიპაროიძე, რომელმაც თბილისის მერიასთან პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა, ტელეკომპანია „პირველთან” ჰყვება, რამ მიიყვანა პროტესტის უკიდურეს ფორმამდე. მადონას თქმით, პრობლემები, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში ექმნებოდა, კორონავირუსის პანდემიის დროს კიდევ უფრო გამოიკვეთა. სახელმწიფომ კი, რომელიც მოქალაქეებს კრიზისთან გამკლავებაში ეხმარება, ტრანსგენდერი ქალების არსებობა საერთოდ უარყო.

„პანდემიის დროს გამოიკვეთა ის პრობლემები, რომ სახელმწიფოსთვის, უბრალოდ, შეუმჩნევლები ვიყავით. სახელმწიფომ კიდევ ერთხელ ბეჭდის დარტყმით დაამტკიცა, თქვენ უბრალოდ არ არსებობთო.

როცა შეიქმნა რაღაც ჯგუფები, რომელთაგან სახელმწიფო ზოგს 200, ზოგს კი 300 ლარით დაეხმარებოდა, არც ერთ ჯგუფში, არც მოწყვლადში, არც ჩვეულებრივში, არსად ტრანსგენდერი ქალების ადგილი არ იყო. სახელმწიფომ გვაგრძნობინა, რომ არ ვარსებობთ“, – თქვა მადონა კიპაროიძემ „TV პირველის“ ეთერში.

მადონა ასევე ჰყვება, რომ, სანამ თავის დაწვას გადაწყვეტდა, დახმარება საჯაროდ არაერთხელ ითხოვა. თუმცა, რეაგირება არავის ჰქონია.

„ამას ვარქმევ ერთი დიდი ბომბის აფეთქებას, რომელიც ჩემს სულში აფეთქდა. მივედი იმ გაუსაძლის მდგომარეობამდე, რომ სხვა გზა ვეღარ მოვნახე. ადამიანებთან სალაპარაკოდ სხვა გზა თითქოს აღარ იყო. სახელმწიფოსთან ვცადეთ… ბევრი გზა ვცადეთ. სანამ თავს დავიწვავდი, ჩემს Facebook გვერდზე ვაქვეყნებდი ვიდეოებს, ვითხოვდი დახმარებას. „ვთაგავდი“ თბილისის მერიას, სხვადასხვა ადამიანს და არანაირი რეაგირება არ იყო.

არ ვიცოდი, რა შეიძლებოდა, გამეკეთებინა, რომ ადამიანებს ეგრძნოთ – კი არ მტკივა, უბრალოდ, აღარ ვარსებობ. ასე შევაფასებ ჩემს მდგომარეობას“, – ჰყვება მადონა კიპაროიძე.