სახელმწიფოს მიზანია გააკონტროლოს საზოგადოებაში არსებული აქტიური ჯგუფები - ჯანაშია რუსულ კანონზე

პუბლიკა

„კანონი, რომელსაც საზოგადოება მართებულად უწოდებს რუსულ კანონს ჩემი აზრით, როგორც მიზნების, ისე შინაარსის და თვითონ პროცესის თვალსაზრისით, როგორც ხდება მისი მიღება –  არის სრულიად მიუღებელი“,- ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, რომელიც „პუბლიკას“ რუსული კანონის შესახებ ესაუბრა. 

მისივე შეფასებით, მთავრობის მიერ პარლამენტში ხელახლა დარეგისტრირებული პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს ჰქონდეს მეტი ბერკეტი, იმისათვის, რომ გააკონტროლოს საზოგადოებაში არსებული აქტიური ჯგუფები,-  მკვლევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, მედია, ხელოვნებაში ჩართული ხალხი და ა.შ.

„ეს არის მიუღებელი იმიტომ, რომ ამ მიზნის უკან იმალება ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი და ამ ძალაუფლების კიდევ უფრო გაფართოების სურვილი. შინაარსის თვალსაზრისით პრობლემა არის ის, რომ ეს კანონი არის იმ კანონების ანალოგი, რომელიც მიღებულია არადემოკრატიულ სახელმწიფოებში და ეს უქმნის შთაბეჭდილებას ყველას, დემოკრატიულ სამყაროში, რომ ჩვენც მივდივართ არადემოკრატიული სამყაროსკენ, რაც სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, ისე სახელმწიფოს.

და პროცესი არის თავისთავად მიუღებელი იმიტომ, რომ თვითონ პრინციპი, როგორც ხდება ამ კანონის მიღება, ის რომ ყველა, ვინც განსხვავებული აზრის არის შეირაცხება, როგორც შავი ფულის გამთეთრებლად ან შეირაცხება, როგორც დანაშაულების თანამონაწილე ან არაპატრიოტად, ან ქართული ტრადიციების მოწინააღმდეგედ და სხვა. თავისთავად აჩვენებს იმას, რომ კანონის მიღების შემდეგ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და მივიღოთ ისეთი დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რომელსაც პოლიტიკოსები ვეღარ მოუვლიან, ამას დაჭირდება ათწლეულები“,- ამბობს სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საკუთარი სიტყვის გატეხვით და კანონის ხელახლა დარეგისტრირებით სახელმწიფო მოქალაქეებს ეუბნება, რომ პოლიტიკაში მოტყუება გამართლებულია.

„თუ ჩვენ ბავშვებს ვასწავლით სკოლაში, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს მორალური, რომ შენ იცოდე რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე, რომ შენ უნდა იდგე სიკეთის მხარეს, რომ უნდა იყო აქტიური, რომ უნდა იყო სამართლიანი, არ უნდა იტყუებოდე. ყველაფერ ამას გადააბიჯა ხელისუფლებამ. შავზე გვეუბნებიან, რომ არის თეთრი, ტყუილზე გვეუბნებიან, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკა და პოლიტიკაში აუცილებლად უნდა იტყუებოდეს ადამიანი.

მეგობრებზე გვეუბნებიან, რომ ისინი მტრები არიან. ის, რომ საქართველოს სასიკეთოდ გაკეთებული საქმეები სინამდვილეში სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაა. თუ ეს კანონი გავა, მაშინ ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაშიც რომ კი – შეიძლება დაპირდე საკუთარ მოქალაქეებს რაღაც და მერე ეს არ შეასრულო ან პირიქით, დაიწყო იმ დაპირების საწინააღმდეგო მოქმედებები, ან შეიძლება ვიღაცებს დაარქვა სახელები, რომ ისინი არიან მტრები, მოღალატეები მხოლოდ იმიტომ, რომ მაგალითად უნდათ, რომ გაგაკოტროლონ შენ და უნდათ, რომ გაარკვიონ მაგალითად რაში იხარჯება სახელმწიფო ფინანსები და მემგონი ეს არ უნდა დავუშვათ“,- ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისივე შეფასებით, იმ რეალობის გათვალისწინებით, როცა ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც დაბალია როგორც სასამართლოს მიმართ ნდობა, ასევე ცენტრალური მედიასაშუალებების მიმართ ნდობა, არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში არის ერთადერთი შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, რომ მათი უფლებები იყოს დაცული, გამჭვირვალე იყოს სახელმწიფოს ფინანსების მართვა და ა.შ. აღნიშნული კანონი კი სწორედ ამ შესაძლებლობის შეზღუდვის მცდელობაა.

„რასაც ჰქვია გამჭვირვალობის შესახებ კანონი სინამდვილეში არის გამჭვირვალობის საწინააღმდეგო კანონი. ანუ ის ამცირებს შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებელმა ჯგუფებმა აკონტროლონ სახელმწიფო. ჩვენ არ გვჭიდება საზოგადოების კონტროლი, საზოგადოების კონტროლი ჭირდება მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოს. ახლა გვთავაზობენ საპირისპირო რამეს. ახლა გვთავაზობენ იმას, რომ სახელმწიფომ აკონტროლოს საზოგადოება და ეს არის დაუშვებელი.

საზოგადოებამ შარშან ნახა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ გავაკონტროლოთ სახელმწიფო და ვაიძულოთ, რომ უკან დაიხიოს. პროტესტი შარშან იყო ძალიან ძლიერი, მაგრამ წელს კიდევ უფრო ძლიერი იქნება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამარჯვების გამოცდილება“,- ამბობს სიმონ ჯანაშია.