სახელმწიფოს მხრიდან ბაზისური ფუნქციების განუხორციელებლობის კულმინაცია | „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 5 ივლისზე

პუბლიკა

„5-6 ივლისის მოვლენები იყო ულტრაკონსერვატორული ჯგუფების მხრიდან ძალადობის წახალისების, საზოგადოებრივი წესრიგის მოშლის და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი ბაზისური ფუნქციების ვერგანხორციელების ერთგვარი კულმინაცია“, – ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ 5-6 ივლისის მოვლენების სამართლებრივი შეფასების პირველადი ანალიზშია აღნიშნული.

მათი თქმით, წარსულში ლგბტქ+ პირების მიმართ სხვადასხვა სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან გამოვლენილი აგრესია და ფიზიკური ძალადობა, არ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის საკმარისი, გადაედგა უფრო ქმედითი ნაბიჯები მათი უფლებების დასაცავად.

„5-6 ივლისის მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ სექსუალური უმცირესობების კეთილდღეობას და მშვიდობას საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცალკეული რადიკალური ჯგუფები, არამედ სახელმწიფოს არსებული პოლიტიკა. 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებზე არანაკლებ საშიში იყო ძალადობის ეპიცენტრში განზე მდგომი პოლიცია და პოლიტიკური ლიდერების ჰომოფობიური და პოპულისტური განცხადებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სამართლებრივი შეფასების პირველად ანალიზში ხაზს უსვამს, რომ 5 ივლისის მოვლენებიდან „ორი თვის თავზე, კვლავაც არ არიან პასუხისგებაში მიცემული ძალადობის ორგანიზატორები, აგრეთვე გამოძიება არ არის დაწყებული მშვიდობიანი შეკრებისათვის ხელის შეშლის ფაქტზე“.

„სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კონკრეტული მიმართულებით გამოძიების არდაწყება, აგრეთვე ძალადობის ორგანიზების მიმართ არასაკმარისი ყურადღება უკვე აჩვენებს, რომ ზოგადად არ არსებობს ამ ინციდენტების სრულყოფილად გამოძიების ნება. აღნიშნულ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს წარსული გამოცდილება, როცა ხელისუფლება სხვადასხვა მიზნით ახდენდა აღნიშნული ძალადობრივი და ულტრაკონსერვატორული ჯგუფების ინსტრუმენტალიზებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, 5 ივლისის მოვლენებიდან ორი თვის თავზე, ნათელია, რომ:

  • სახელმწიფოს არ გააჩნია ძალადობისა და ჰომოფობიის პრევენციის ეფექტიანი და ინკლუზიური პოლიტიკა და პრაქტიკა. აღნიშნულ პრობლემებს სახელმწიფო უყურებს მხოლოდ საპოლიციო პრიზმიდან, რაც უკიდურესად არაეფექტიანი და ხშირ შემთხვევაში, კონტრპროდუქტიულია;
  • 5 ივლისს „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ მობილიზებული ჯგუფების ლიდერების მიზანს წარმოადგენდა არა მშვიდობიანი შეკრება, არამედ ძალადობის გზით „ღირსების მარშის“ ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რაც იმთავითვე უნდა გამხდარიყო კონტრ-დემონსტრაციის დაგეგმილი ფორმითა და შინაარსით აკრძალვის საფუძველი;
  • 5 ივლისს, პოლიციამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის უფლება, აგრეთვე მედიის უსაფთხოება;
  • სახელმწიფოს რეაგირება 5 ივლისის მოვლენებზე არაერთი მიმართულებით აჩენს კითხვებს, უპირველეს ყოვლისა კი პრობლემურია ძალადობრივი ინციდენტების უშუალო ორგანიზატორების დაუსჯელობა;
  • უკიდურესად არაეფექტიანი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტიც, რომელმაც არ გამოიყენა არსებული მექანიზმები აღმასრულებელი ხელისუფლების, კონკრეტულად კი პოლიციის მოქმედებების სიღრმისეული შეფასებისთვის;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 5 ივლისს პოლიციის უმოქმედობა არ უნდა აიხსნას საფრთხეების არასათანადოდ შეფასებით, ან მოუმზადებლობით. მათი თქმით, ამ მოვლენებში ნათლად ჩანდა, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები იმთავითვე არ აპირებდნენ „პრაიდისთვის“ მსვლელობის ჩატარების შესაძლებლობის მიცემას.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აქვეყნებს დოკუმენტს, სადაც გაანალიზებულია 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები.

წაიკითხეთ ვრცლად

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, ხოლო  „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.