სახელმწიფოსგან არ ჩანს პრობლემების მოგვარებაზე საფუძვლიანი ზრუნვა | სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ანგარიში

პუბლიკა

სოციალური მუშაკების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეები, ადამიანური რესურსების საჭიროება, ჯანდაცვასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში სოციალური მუშაობის დანერგვა – სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც სოციალური მუშაობის შესახებ კანონის აღსრულებას ეხება.

მონიტორინგი მოიცავდა კანონის სამოქმედო გეგმის მიხედვით,  პასუხისმგებელი უწყებებიდან 2021 წლის 1 ივნისამდე შესასრულებელ საკითხებს. ასევე განხილულია ღონისძიებებიც, რომელთა შესრულებაც 2022 წლის 1 იანვრამდეა განსაზღვრული.

მონიტორინგისთვის სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, ასევე ჩაატარა სამაგიდო და თვისებრივი კვლევები, ფოკუსჯგუფებისა და სიღრმისეული ინტერვიუების გამოყენებით.

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიების შემდეგ პასუხისმგებელმა უწყებებმა მეტი ინტენსივობით დაიწყო სხვადასხვა საკითხზე მუშაობა. თუმცა, მათ მიერ გასატარებელი ღონისძიებების უმეტესობა, ჯერჯერობით ნაწილობრივ არის შესრულებული.

საანგარიშო პერიოდში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 13 ღონისძიების შესრულების მაჩვენებელი შემდეგია: სრულად შესრულდა 2 ღონისძიება; ნაწილობრივ შესრულდა – 10 ღონისძიება; სტატუსი არ მიენიჭა – 1 ღონისძიებას“, – წერს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.

რა საკითხები რჩება გადასაჭრელი?

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ანგარიშში ძირითადი მიმართულებების ქვეშ გამოყოფს იმ საკითხებს, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაჭრელი რჩება:

  1. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულე

როგორც სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წერს, კვლევის შედეგად გამოვლინდა,  რომ  ტრანსპორტირების  საკითხის  სრულად  უზრუნველყოფა  ყველა უწყებაში  კვლავ  მწვავე  პრობლემას  წარმოადგენს.

„აღსანიშნავია,  რომ  პროგრესი აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით  ნამდვილად  შეიმჩნევა, თუმცა შეუძლებელია ეს ეფექტურად და ხარისხიანად შესრულებულ საკითხად მივიჩნიოთ, მაშინ, როდესაც სოციალურ მუშაკებს, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ საკუთარი ხელფასიდან უწევთ ოჯახებში განსახორციელებელი ვიზიტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება“, – წერია ანგარიშში.

2. ადამიანური  რესურსების  საჭიროება

ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალური მუშაკის კადრის დამატების საჭიროება თითოეულ უწყებაში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. ამის გამო ისევ აქტუალურია საქმეთა  გადატვირთულობა და პროფესიული გადაწვის რისკები.

3. ადგილობრივ თვითმმართველობებში სოციალური მუშაობის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეები

„ის, რომ სოციალურ მუშაკთა დასაქმება მუნიციპალიტეტებში არ  ყოფილა ღია და  გამჭვირვალე  პროცესი, მნიშვნელოვნად აფერხებს სოციალური მუშაობის ეფექტურ  განხორციელებას  აღნიშნულ  უწყებაში“, – წერს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლავაც არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების დელეგირება მოხდება ჯანდაცვის სამინისტროდან ადგილობრივ თვითმართველობაზე.

„შესაბამისად, ამ ეტაპზე სოციალურ მუშაკებს ადგილობრივი თვითმმართველობები  სრულიად განსხვავებული საქმიანობისთვის იყენებენ . ზოგან სხვა პოზიციის ადამიანს შეუთავსეს სოციალური მუშაობა, ზოგან კი საერთოდ არ ჰყავთ ასეთი კადრი“, – ნათქვამია ანგარიშში.

4. ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის დანერგვასთან დაკავშირებით სირთულეები

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიხედვით, კვლევით გამოვლინდა, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ისეთივე მდგომარეობაა ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის დანერგვასთან დაკავშირებით, როგორიც იყო მუნიციპალიტეტების შემთხვევაში.

„არც ამ სფეროში ყოფილა სოციალურ მუშაკთა დანიშვნის პროცესი ღია და გამჭვირვალე. სამედიცინო დაწესებულებები  საერთოდ  არ  იყვნენ  მზად  აღნიშნული  ცვლილებისთვის,  რის გამოც არასწორად აქვთ გააზრებული სოციალურ მუშაკთა ფუნქცია-მოვალეობები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

5. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სირთულეები

სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, როგორც გაერთიანება წერს, მონიტორინგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კანონით დაშვებული სერტიფიცირების  შესაძლებლობას ყველა უწყება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს.

ხდება ძალიან მცირე კურსის შემუშავება, რომელიც საერთოდ არ არის საკმარისი სოციალური მუშაკის უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი ცოდნის მისაღებად. ხდება შიდა კადრების აღნიშნული კურსით გადამზადება და შემდეგ მათი დასაქმება.

6. პროფესიის პოპულარიზაციის მწირი ძალისხმევა

ასევე, უმწვავეს პრობლემად რჩება, სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიხედვით, ამ პროფესიის პოპულარიზაციის საკითხიც.

„ჩვენი შეფასებით, შეუძლებელია პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებული აქტივობების მიუხედავად, რომელიმე მივიჩნიოთ შედეგზე ორიენტირებულ, ქმედით და გრძელვადიან ღონისძიებად. მაშინ, როდესაც, პროფესიის პოპულარიზაცია არის ის ამოსავალი წერტილი, რომლითაც უნდა ხდებოდეს მოტივირებული და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვა სფეროში“, – წერს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.

შესაბამისად, დასკვნის სახით, სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, მიუხედავად კანონის არსებობისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ნება, სოციალური მუშაობა თანმიმდევრულად დაინერგოს და ამ მიმართულებით მუშაობა შედეგზე იყოს ორიენტირებული.

„როგორც ჩანს, სოციალური მუშაობის საკითხზე მსჯელობა და აქტიურობა ჯერ კიდევ საერთაშორისო ვალდებულებებზეა მიბმული და თავად სახელმწიფოს მიერ არ იკვეთება პრობლემების მოგვარების სიღრმისეული მცდელობები.

აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში კიდევ უფრო ნათელი გახდა, რაოდენ  მნიშვნელოვანია  კანონში  ყველა ხარვეზული ჩანაწერის გასწორება, განსაკუთრებით სერტიფიცირებასა და კადრების რაოდენობასთან დაკავშირებით“, – წერს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გამოყოფს რეკომენდაციებსაც, როგორც კონკრეტული უწყებებისთვის, ისე ზოგადი მიმართულებით. გაერთიანების განცხადებით, მნიშვნელოვანია:

  • შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოხდეს სოციალური მუშაობის  კანონითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებლობებისა და  ღონისძიებების დადგენილ ვადებში შესრულება;
  • შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა  გამახვილდეს კანონითა და სამოქმედო გეგმით ნაკისრი პასუხისმგებლობების  შესრულების ხარისხსა და ეფექტიანობაზე;
  • სამოქმედო  გეგმის  განახლების  პროცესში  შესრულების ინდიკატორების გაწერა  განხორციელდეს იმგვარად,  რომ ინდიკატორები იყოს ნათელი, კონკრეტული,  დროში განსაზღვრული, შესრულებადი და გაზომვადი.
  • მნიშვნელოვანია,  მოხდეს  პროფესიის  პოპულარიზაციის  კუთხით  მეტად კოორდინირებული მუშაობა ყველა უწყებასთან.

რას ეხება კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ და მისი სამოქმედო გეგმა?

საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ პარლამენტმა 2018 წელს დაამტკიცა. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წერს, რომ კანონის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან მანამდე ამ პროფესიის ძირითადი მიმართულებები, სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობები თუ საკანონმდებლო ბაზა ინდივიდუალურად უფლებამოსილი უწყებების მხრიდან რეგულირდებოდა.

„ეს კი თავის მხრივ, ზიანის მომტანი იყო როგორც პროფესიის ინსტიტუციურ დარგად ჩამოყალიბებისთვის, ასევე, საზოგადოებისა და ზოგადად, სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის“, – წერს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.

თუმცა, ცალკე გამოსაყოფია სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ კანონს აქვს დართული. სწორედ სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს სოციალური მუშაობის განვითარებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსა და პასუხისმგებელ უწყებებს.

სამოქმედო გეგმა მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებიც განხილული იყო მონიტორინგის ანგარიშში: კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებას, სერტიფიცირებასა და განათლებას, საპარლამენტო კონტროლს, ადამიანური რესურსების საჭიროებების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს, სოციალურ მუშაკთა ანაზღაურების მატებასა და ამ პროფესიის პოპულარიზაციას.

„შესაბამისად, მისი დროული და ეფექტური აღსრულება პირდაპირპროპორციულია ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე. თუმცა, დღესაც სოციალური მუშაკები უმძიმეს  სამუშაო პირობებში მუშაობენ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბენეფიციართა, მათ  შორის  ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

ამას ადასტურებს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევაც, რომელთა განცხადებით სოციალურ მუშაკთა გადატვირთულობა და არასახარბიელო სამუშაო გარემო, საბოლოო ჯამში აფერხებს ბენეფიციართათვის ხარისხიანი მომსახურების სერვისის მიწოდებას“, – ნათქვამია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ანგარიშში.