სახელოვნებო სფეროს დამოუკიდებელი წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მიმართავენ

პუბლიკა

საქართველოს სახელოვნებო სექტორის დამოუკიდებელი წარმომადგენლები თხოვნით მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს, იუნესკოს, აშშ-ის და ევროპულ მისიებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებს, გამოხატონ მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი შემოქმედებითი პროცესების გასაძლიერებლად.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის პოლიტიკაზე, რომელიც, მათი შეფასებით, სფეროდან დევნის კრიტიკულ და განსხვავებულ აზრს და „აბსოლუტური არატოლერანტულობით, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან“.

„24 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პირობა მიიღო. ხელისუფლებამ, ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად უნდა შეუწყონ ხელი დეპოლარიზაციის პროცესს.

ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში, განსაკუთრებით იზრდება თითოეული სფეროს, მათ შორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლების პასუხისმგებლობა პროცესების დემოკრატიზაციის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საქმეში. ვალდებულად ვთვლით თავს, თქვენი ყურადღება მივმართოთ პრობლემისადმი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

კულტურის სფეროში, უკანასკნელ პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლების მხრიდან განზრახულია სახელოვნებო სფეროზე სრული კონტროლის დამყარება. ამ პროცესის სათავეში დგას კულტურის, სპორტის და ახლგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი (ყოფილი იუსტიციის მინისტრი, მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ვიცე პრემიერი). ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გატარებული კულტურის პოლიტიკა, მართვის არადემოკრატიული მოდელით, სფეროდან დევნის კრიტიკულ და განსხვავებულ აზრს და აბსოლუტური არატოლერანტულობით, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან.

კულტურის სამინისტროს მიერ წარმოებული ე.წ. „რეფორმები“, სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის ყველა იმ შეთანხმებასა და დოკუმენტთან, რომელზეც ვალდებულება აღებული აქვს საქართველოს მთავრობას და უშუალოდ კულტურის სამინისტროს, როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „კულტურის სტრატეგია 2025“-ის დოკუმენტთან.

ქართველი ხელოვანების მიერ კულტურის სამინისტროსთან დიალოგის თხოვნით გავრცელდა არაერთი საჯარო ღია წერილი კულტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე. არაერთხელ მიმართეს სექტორის წარმომადგენლებმა საქართველო პარლამენტსაც. სამწუხაროდ ნაცვლად კომიტეტის ვალდებულებაში შემავალი მონიტორინგის განხორციელებისა, კომიტეტის თავმჯდომარემ არაერთგზის გამოხატა სრული ნდობა სამინისტროს საქმიანობასა და პირადად მინისტრისადმი.

შესაბამისად, ჩვენ, ქართველი ხელოვანები და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები მოგმართავთ თხოვნით კოლეგებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი შემოქმედებითი პროცესების გასაძლიერებლად, გვიშუამდგომლოთ თქვენი რეკომენდაციებით საქართველოს ხელისუფლებასთან, პარლამენტთან, რათა შემუშავდეს სავალდებულო სამოქმედო, ჩარჩო-დოკუმენტი და დაიწყოს ღია დიალოგი სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ყველა იმ ვალდებულების პირნათლად შესასრულებლად რაც საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახში გაწევრებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია.

დიახ, სწორედ დღეს თქვენი გამოცდილების გაზიარება და ქართული კულტურის მხარდაჭერა, ჩვენ უფრო მეტად გაგვაძლიერებს და პროცესების პოზიტიური და წარმატებული განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 50-მდე სახელოვნებო სექტორის დამოუკიდებელი წარმომადგენელი, მათ შორის, მუსიკოსები ნიკა მაჩაიძე, რეზო კიკნაძე, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე, კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე, პაატა შამუგია, ზაალ ანდრონიკაშვილი და ა.შ აწერენ.