„საკითხი დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს" - სამინისტრო გელათის დასკვნაზე

პუბლიკა

კულტურის სამინისტროს ეხმაურება გელათის ტაძრის რესტავრაციის მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშს და აცხადებს, რომ მისი ავტორები პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები არიან და რომ დასკვნას კვალიფიკაციაც აკლია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გვერდის ავლით მომზადდა და ამის გათვალისწინებით წარმოადგენს თუ არა ის მაინც კვლევითი ცენტრის დასკვნას, ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციაა.

„სამინისტრო აცხადებს, რომ კვლევითი ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა სამინისტროსა და მის მიერ გელათში შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნიდან თუ უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე იქნა შემუშავებული და ის, შესაბამისად, შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან თუნდაც მისი შემუშავების მეთოდიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოცემული დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.

ამასთან, რამდენადაც სამინისტროსათვის ახლახან გახდა ცნობილი, მოცემული დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისაგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ცენტრის ხელმძღვანელი იმავდროულად ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გვერდის ავლით „დამტკიცებული“ დასკვნა წარმოადგენს თუ არა კვლევითი ცენტრის დასკვნას, ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე;