„საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა" - სოლოღაშვილი 79 წლის ახალ პაციენტზე თეთრიწყაროდან

პუბლიკა

ბოჭორიშვილის კლინიკას თეთრიწყაროს კლასტერიდან 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, ახალი პაციენტის, 79 წლის ქალის მდგომარეობა საყურადღებოა.

„დაგვემატა ერთი 79 წლის ქალბატონი თეთრიწყაროდან. არის საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობა. დატვირთულია ანამნეზით. ამჯერად არის კონსილიუმი და გადაწყდება პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა – გაგრძელდება ჩვეულებრივ პალატაში თუ რეანიმაციაში. მას აღენიშნება თანხმლები დაავადებები. ამასთან ერთად, კორონავირუსის დაავადებაც გამოხატულია, არის პნევმონიაც, არის ცხელება, საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა“, – აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

სოლოღაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ახალი პაციენტის ოჯახში covid-19  დადასტურებული არ არის.

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში 48 პაციენტი მკურნალობს. აქედან 41-ს აქვს დადასტურებული Covid-19-ის დიაგნოზი. 12 ბავშვია, ერთი რეანიმაციაა. გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება. მისი თქმით, განიხილება ამ ქალბატონის რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი.