საკმარისი რაოდენობის იარაღით უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს - საელჩო

პუბლიკა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორი წლის თავთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა მხარდაჭერას ითხოვს.

„ამ დღეს, 2022 წელს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.

ომი გრძელდება. ინგრევა სახლები. იშლება ოჯახები. ჩვენ საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ და მუდმივ საფრთხეში ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, უკრაინელები თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით მსოფლიოს გაოცებას აგრძელებენ. ჩვენ ბოროტების დამარცხებამდე ვიბრძვით.

საკმარისი რაოდენობის იარაღით უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს, რადგან ვიცით ის, თუ რისთვის ვიბრძვით. იმის გამო, რომ რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სამყარო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ადგილი გახდეს.

ჩვენ იარაღით, დახმარებითა და მოქმედებების ადვოკატირებით უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ. ყოველი ძალისხმევა მნიშვნელოვანია და იგი უსაფრთხო მომავალთან გვაახლოებს. მხარი დაუჭირეთ უკრაინას” – ვკითხულობთ განცხადებაში.